LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვატყუე 18 წლის ვარ, უბრალოდ პასპორტი ჯერ არ ამიღია-მეთქი, მაღალი რომ ვიყავი დამიჯერეს“ – აფხაზეთის ომის მონაწილე 30 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს

225
Untitled design (13)

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომის მონაწილე, გიორგი სარალიძე ამ დღეს სოციალურ ქსელში იხსენებს.

„14 აგვისტოც დადგა. 1992 წელის 14 აგვისტო, ძალიან მაგარი ამინდი, თვე-ნახევრის დამთავრებული მაქვს სკოლა, 16 წლის ვარ, ეზოში, ლეღვის ძირში ქეიფობენ მამაჩემი და ჩემი ძმის ცოლისძმა და მისი ბიძაშვილი, ჩემი ძმა გასტროლებისთვის ემზადება და დილიდან შუა ღამემდე რეპეტიციები აქვთ ანსამბლში. მე ვზივარ და მოქეიფე ხალხს ვუსმენ, დალევით მაინცდამაინც დიდი მოყვარული არც დღეს ვარ, არა თუ 16 წლის ასაკში.

ფოტოები: აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა

სადღაც შუადღის დაახლოებით 1-2 საათია და ჩემი ძმა შემოვიდა, გაგვიკვირდა ასე ადრე არ უნდა მოსულიყო სახლში, ჰოდა ჩემ ძმამ ომი დაიწყოო, ამის თქმა იყო და ვერტმფრენის ხმა, იქით აფეთქებები, სროლები და არის ერთი ამბავი. მამიდაშვილი მყავს სამი წლით უფროსია ჩემზე, თემური ჩიხლაძე, ისიც გადამკვდარი პატრიოტი, პირველი რაც გავიფიქრე, ეგ იყო რომ თემური გავარდებოდა ომში, უცებ წამოვხტი გამოვიცვალე ტანსაცმელი და ჭიშკარში რომ გავდივარ ისე მამაჩემი მეკითხება, სად მიდიხარო?

ვიფიქრე პატარა ვარ არ გამიშვებს, ჰოდა მოვატყუე, თემურისთან ავირბენ, ვნახავ როგორ არიან და მოვალ უცებ მეთქი, თემური ჩოჩუას ქუჩაზე ცხოვრობდა სამედიცინო სასწავლებლის გვერდით, მე ძიძარიაზე და ასე მივაშურე ბატალიონში, სადაც მოვატყუე 18 წლის ვარ, უბრალოდ პასპორტი ჯერ არ ამიღია თქვა, მაღალი რომ ვიყავი დამიჯერეს.

არ შევმცდარვარ, თემური უკვე აქ დამხვდა ბატალიონში ავტომატგადაკიდებული! ავტომატი რომ დამაკავეს არც კი ვიცოდი, როგორ გადამეტენა, არა თუ სროლა, პირველივე დღეს მოვხვდი შეტაკებებში, ვერ გადმოგცემთ იმ შიშის გრძნობას, რაც განსაკუთრებით პირველი დღეებში განვიცადე.

თუმცა ერთი ნაბიჯი უკან არ გადამიდგამს, ვიცოდი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იდგა ჩემს უკან, ვფიქრობდი, რომ ნებისმიერი ერთი კაციც კი ქვეყნის დასაცავად წარმოუდგენლად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ამას დამატებული ძალიან მაგარი მებრძოლი ბიჭების გვერდით აღმოვჩნდი და მათგან ვისწავლე პირველად ბრძოლა და უშიშარობა თუ ვისწავლე. აი, ასე დავიწყე საქართველოს დამცველთა რიგებში მოღვაწეობა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ წესიერად ჯარიც არ ჰყავდა ქვეყანას ჩამოყალიბებული.

ჩემი კარიერის მანძილზე, არც საბრძოლო ჭრილობები მაკლდა და არც ჯილდოები, ერთი ტანკს არ გადაუვლია ჩემს თავზე თვარა, სხვა ყველანაირი უბედურებები გამოვიარე, რა არ მინახავს და რა არ გადავიტანე მაგრამ მაინც ყოველთვის ამაყად წელგამართული ვიდექი ფეხზე, როგორც ამაყი ქართველი ერის, საქართველოს ჯარისკაცი! მერე მოვიდნენ ქოცები და პირველი, რაც გააკეთეს, დამითხოვეს და გამომაგდეს, მიზეზი დღემდე არ არსებობს.

უბრალოდ ვიცი, ცრუ ჩვენების მიცემაზე კატეგორიული უარი რომ ვუთხარი, მაგიტომ დათხოვას ვინ ჩივის, მგლის სიაში შემიყვანეს და ყველგან ჩამიკეტეს კარი სამსახურის დაწყებაზე, ეგ უკვე სხვა ისტორიაა.

14 აგვისტო 1992 წლის თარიღი როდესაც რუსეთმა ოფიციალურად დაიწყო საქართველოს განადგურების ოპერაცია და მომავალი მისი ტერიტორიების ოკუპაცია. წელიწადი და ორი თვე რა არ გააკეთეს, მაგრამ სოხუმი ვერა და ვერ აიღეს, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ სოხუმის აღებას მაგრამ შევარდნაძემ ადგა და ჩააბარა!

P.S. სახლში როცა მივედი, მამაჩემმა მითხრა, პატარა ხარ ჯერ ომისთვის და რატომ გაიპარეო? მე კი ვუთხარი, მამა როგორიც აღმზარდე და რაც მასწავლე, იმ გზას დავადექი და თუ გინდა გამიწყრე, ჯერ შენს თავს გაუწყერი ასეთი რომ ამღზარდე, ამის შემდეგ მოვიდა ჩამეხუტა და მითხრა. ყოველთვის, ყველგან საქართველო და ქართველი ხალხი დაიცავი, მე კი შენით ვამაყობ შვილო!“. – წერს გიორგი სარალიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი ახლა ემიგრაციაშია.

შეგახსენებთ, საომარი მოქმედებები 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g