სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მამა თეიმურაზი გაქურდეს.
ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მთაწმინდაზე მდებარე მის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც სასულიერო პირი ბობოყვათში საპატრიარქოს რეზიდენციაში ისვენებდა.
მძარცველებმა სასულიერო პირის სახლიდან ერთი კილოგრამამდე ოქრო, ნიკოლოზის “თუმნიანი” მონეტები, ოქროს საათები და ბრილიანტის ბეჭდები წაიღეს.
“ეს იყო მოგროვილი, ასევე შემოწირულობა ჩვენი მრევლის,” – აღნიშნავს სასულიერო პირი.
ოქროს ნივთების გარდა სასულიერო პირის სახლიდან წაღებულია ფულიც – სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი საძინებელ ოთახში, კარადაში 36 ათას დოლარს ინახავდა. დეკანოზი ამბობს, რომ ათასობით დოლარს თვეების განმავლობაში ავტომობილის შესაძენად აგროვებდა.
“36 000 დოლარი იყო, მანქანა უნდა გვეყიდა რაჭისთვის და ამისთვის გვქონდა ეს ფული მოგროვებული,” – აღნიშნავს მამა თეიმურაზი.
ცნობისთვის, სასულიერო პირის სახლის ძარცვის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის გიორგი გოგბერაშვილი დააკავა.
მამაკაცს საქალაქო სასამართლომ 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.