ფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას შვილის დამოუკიდებლად საცხოვრებლად გადასვლის თემას ეხმაურება და განმარტავს, რატომ არის ეს პროცესი ჯანსაღი და ბუნებრივი როგორც შვილისთვის, ისე მშობლისთვის.
როგორც მან გადაცემა „პროექციაში“ აღნიშნა, როდესაც მისი ერთადერთი შვილი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, ხშირად ეკითხებოდნენ, ხომ არ უძღოდა ამ გადაწყვეტილებას კონფლიქტი.
„როცა ჩემი ერთადერთი შვილი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, რა დასამალია, მეკითხებოდნენ, რამე კონფლიქტი ხომ არ მოგივიდათ? რატომ გადაწყვიტეს ცალკე ცხოვრება და ეს ჩემთვის იყო ძალიან სასაცილო, თუმცა დასაფიქრებელიც, რომ ადამიანს ვერ წარმოუდგენია, შენი შვილი წავიდეს ცალკე საცხოვრებლად მაშინ, როცა ყველაფერი კარგად გაქვთ“, – ამბობს ქეთი თავართქილაძე.
ფსიქოლოგის განმარტებით, მშობლის მხრიდან შვილის მიმართ გადაჭარბებული მიჯაჭვულობა უკურეაქციასაც იწვევს.
„მშობელი, რომელიც ასეა მიჯაჭვული შვილზე, შვილის ზრდასთან ერთად თითქოს ფუნქციას კარგავს“, – აღნიშნავს ის.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა შვილის მშობლისგან დამოუკიდებლად წასვლა ჯანმრთელი რეაქცია, ქეთი თავართქილაძე პასუხობს, რომ ეს პროცესი სრულიად ჯანსაღია.
„ეს ჯანმრთელი და სასიხარულო რეაქციაა. ეს ნიშნავს, რომ შენი შვილი გაიზარდა და შენ ჩადე იმდენი, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება“, – ამბობს ფსიქოლოგი.
