LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო სიმდიდრისა და ძალაუფლების დიდ ნაწილს მცირე ელიტა აკონტროლებს

165
Worlds-richest-men

საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა World Inequality Lab წარმოადგინა ახალი ანგარიში სახელწოდებით – „მსოფლიო უთანასწორობა“, რომელიც ასახავს სიმდიდრის უპრეცედენტო კონცენტრაციას და მის შედეგებს გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაზე.

მსოფლიოს 60 ათასზე ნაკლები უმდიდრესი ადამიანი – რაოდენობა, რომელიც ფეხბურთის სტადიონის მოცულობას უტოლდება, ფლობს აქტივებს, რომლებიც აღემატება პლანეტის მოსახლეობის ნახევრის ერთობლივ ქონებას. ანგარიშის ავტორების მონაცემებით, გლობალური ელიტა, რომელიც დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 0.001%-ს შეადგენს, აკონტროლებს კაპიტალს, რომელიც სამჯერ აღემატება ქვემოთ მყოფთა 50%-ის რესურსებს.

ამასთან, ყველაზე მდიდარი ფენის წვლილი სახელმწიფო ბიუჯეტებში მინიმალურია. ეფექტური საგადასახადო განაკვეთები  მოქალაქეთა უმრავლესობისთვის იზრდება, თუმცა მცირდება მილიარდერებისა და მულტიმილიონერებისთის. მათგან განსხვავებით, საშუალო ფენის წარმომადგენლები – ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, იძულებულნი არიან შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გადასახადების სახით გადაიხადონ.

„ეს ძირს უთხრის საგადასახადო სამართლიანობას და საზოგადოებას ართმევს რესურსებს, რომლებიც აუცილებელია განათლებისთვის, ჯანდაცვისთვის და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 60 000 ადამიანი ფლობს სიმდიდრეს, რომელიც აღემატება დანარჩენი მსოფლიოს ნახევრის ერთობლივ ქონებას.

გენდერული უთანასწორობა

ანგარიში გენდერულ დისბალანსსაც აფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სამუშაო დრო ზოგადად შემცირდა, ძირითადი სარგებელი ამისგან მამაკაცებმა მიიღეს, მაშინ როცა ქალები კვლავ მაღალი დატვირთვით მუშაობენ.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქალები შრომითი შემოსავლების მხოლოდ ერთ მესამედს იღებენ. მსოფლიოს არც ერთ რეგიონში არ არის მიღწეული 50/50 ბალანსი. განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამხრეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რიგ ქვეყნებში, სადაც ქალებზე  შრომითი შემოსავლების მეოთხედზე ნაკლები მოდის.

საერთაშორისო საფინანსო სისტემა

ანგარიში ასევე აანალიზებს საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო სისტემის სტრუქტურას. ავტორების შეფასებით, სისტემა თავიდანვე შექმნილია მდიდარი ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ და ღარიბი ქვეყნებიდან  რესურსების სისტემურ გადინებას იწვევს.

პრივილეგირებულ სახელმწიფოებს შეუძლიათ იაფად ისესხონ და დააბანდონ უფრო მომგებიან აქტივებში. ეს მოვლენა პირველად 1960-იან წლებში აღწერეს, როგორც აშშ-ის „გადაჭარბებული პრივილეგია“, თუმცა დღეს ის ვრცელდება ევროპაზე, იაპონიასა და სხვა განვითარებულ ეკონომიკებზე.

ეს ნიშნავს, რომ გლობალური ფინანსები მოქმედებს როგორც ჩუმი, მუდმივი გადასახადი ღარიბი ქვეყნებისთვის, ხოლო თანხები, რომლებიც შეიძლებოდა სკოლებს, საავადმყოფოებსა და ინფრასტრუქტურას მოხმარებოდა, გამოიყენება მდიდარი ქვეყნების აქტივების მომსახურებისთვის.

ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ: არსებული გლობალური სისტემა არ წარმოადგენს თავისუფალი ბაზრის ბუნებრივ შედეგს. ის ასახავს ქვეყნებს შორის არსებულ უთანასწორობას და კოლონიალური ექსპლუატაციის ძველ მოდელებს იმეორებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g