ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში, უცხოური გავლენიანი მედიასაშუალებების ჯგუფებს მასპინძლობს.
საქართველოში Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები იმყოფებიან. მსოფლიო მედიის წარმომადგენლები მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას გააშუქებენ და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, რომლებსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი, მკითხველი და ონლაინ მომხმარებელი გაეცნობა.
უცხოელი ჟურნალისტები, თბილისის დათვალიერების შემდეგ, ეწვევიან წინანდალს, თელავს, მუხრანს, დაათვალიერებენ ღვინის მარნებს, მოინახულებენ ღვინის მუზეუმს, სპეციალურად მათთვის ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაციაც მოეწყობა.
შეგახსენებთ, საქართველო, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“.
ღონისძიება 27 სექტემბერს ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვევიან.