არსებობის პირველ წელიწადს, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ პარკს – დისნეილენდს მილიონზე მეტი სტუმარი ეწვია. 2014 წელს, მე-60 დაბადების დღეზე კი, პარკი 17 მილიონმა ადამიანმა მოინახულა. გართობის მოყვარულთა რიცხვი პარკში ყოველდღე მატულობს, თუმცა დისნეილენდს საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ჰყავს. გთავაზობთ მსოფლიოს საუკეთესო გასართობი პარკების ნუსხას და გისურვებთ ერთხელ მაინც იმოგზაუროთ ამ ჯადოსნურ, მრავალფეროვანი ატრაქციონებით სავსე სამყაროში.
დისნეილენდი, აშშ
დისნეილენდი გასართობი პარკების უმსხვილესი ქსელია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ატრაქციონების პირველი პარკი ლოს-ანჯელესში ჯერ კიდევ უოლთ დისნეის დროს გაიხსნა და თემატურ რვა ზონად დაიყო, რომლებიც მოგვაინებით ერთგვარ სტანდარტად იქცა ყველა დანარჩენი პარკისთვის. მნიშვნელობით მეორე ცენტრი – Walt Disney World ფლორიდაშია, რომელიც სტუმრებს თავისი “საოცრებათა სამეფოთი”, ორი აკვაპარკით, სამი ათეული სასტუმროთი, რესტორნებით და გოლფის მოედნებით აოცებს.
ასტერიქს-პარკი, საფრანგეთი
ფრანგებს საკუთარი ეროვნული გმირი ჰყავთ და პარკიც სწორედ მისი – კომიქსების პერსონაჟის ასტერიქსის პატივსაცემად ააშენეს. პარკი 36 ატრაქციონის მფობელია, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით დელტაპლანით ფრენა, მდინარეზე ცურვა და ე.წ. “ამერიკული მთები” სარგებლობენ. ატრაქციონების უმრავლესობა სწორედ წყალთანაა დაკავშირებული, ამიტომ ყველას სიამოვნებს პარკში ზაფხულის ცხელი დღეების გატარება.
პორტი ავენტურა, ესპანეთი
ესპანური პარკის მთავარ ღირსშესანიშნაობად ატრაქციონები “ზღვის ოდისეა”, “დრაკონი ხანი” და “ცოფიანი ჭიაყელა” ითვლება, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით ექსტრიმის მოყვარულებში სარგებლობენ. “ცოფიანი ჭიაყელათი” (რომელიც 135 კმ/სთ სიჩქარეს, სულ რაღაც სამ წამში ავითარებს) “გასეირნების” შემდეგ, მსურველებს, არანაკლებ საინტერესო აკვაპარკში შეუძლიათ გაგრილება.
ლეგოლენდი, დანია-აშშ-მალაიზია
კონსტრუქტორ “ლეგოს” ფანებმა კარგად იციან სადაა მათი “სამოთხე”. ლეგოს თემატური პარკები თითქმის ყველა კონტინენტზე – ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთშია განაწილებული. პირველი და ყველაზე მსხვილი ლეგო-სამყარო სამშობლოში, ქალაქ ბილუნდში, LEGO-ს ქარხანასთან, კონსტრუქტორის 45 მლნ. ბლოკისგან აშენდა და 50-წლიანი არსებობის მანძილზე უამრავი თემატური ზონით (“წარმოსახვის სამყარო”, “მეკობრეების მიწა”, “რაინდების სამეფო”) და 4D-ატრაქციონით გამდიდრდა. სხვათაშორის, ლეგოლენდის ყველა ფილიალს საკუთარი ღირსშესანიშნაობა აქვს. მაგალითად, ფლორიდის პარკი უნიკალური ბოტანიკური ბაღის მფლობელია, მალაიიზიის პარკში კი, 3 500-მდე დასახელების იშვიათი მცენარეა თავმოყრილი.
Universal Studios, აშშ
ჰოლივუდის ერთ-ერთმა უძველესმა კინოსტუდიამ Universal Studio-მ საკუთარი ფილმები ატრაქციონად აქცია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაანაწილა. თუმცა, ძირითადი პარკი, რა თქმა უნდა, ჰოლივუდში, კინოსტუდიასთან ახლოს რჩება. მისი ძირითადი სტუმრები კინომანები არიან, რადგან პარკი მათ გართობის უამრავ ვარიანტს სთავაზობს – “სიმპსონების” ოჯახური მოგზაურობით დაწყებული, “შრეკის” ჯადოსნური სამყაროთი დასრულებული.
Lotte World, სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეის დედაქალაქში მოთავსებული “ლოტე-სამყარო” ერთ-ერთი უდიდესი დახურული ატრაქციონების პარკია მსოფლიოში, რომელსაც წელიწადში სულ მცირე 8 მლნ. ადამიანი სტუმრობს. პარკს ორი – შიდა დახურული და ღია ზონა აქვს, ატრაქციონების არჩევანი კი, მართლაც შთამბეჭდავია – ბობოქარ ზღვაში მცურავი კონკისტადორების გემით დაწყებული, ყინულის მოედნით და მუზეუმით დასრულებული.
ევროპა-პარკი, გერმანია
ევროპა-პარკი მინიატურების მოყვარულთა ნამდვილი სამოთხეა, სადაც მთელი ევროპის გაცნობა შეიძლება თავისი მდიდარი ისტორიით, არქიტექტურითა და ნაციონალური სამზარეულოთი. რეალურად არსებული ქვეყნების გვერდით, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს წარმოსახვითმა სამყაროებმა, მათ შორის “ყინულის სამეფომ” და “თავგადასავალთა მიწამ”, რომელთა სტუმრობის შემდეგ ექსტრიმის მოყვარულებს “ვერცხლის ვარკვლავის” მატარებლით შეუძლიათ გასეირნება.
Ferrari World, არაბეთის გაერთიანებული ემირატები
“ფერარის სამყარო”, აბუ-დაბისთან ახლოს, ერთ-ერთ ხელოვნურ კუნძულზეა გაშენებული. დახურულ პარკში “მოგზაურთა მარშრუტები”, “ამერიკული მთები”, ფორმულა 1-ის საიმიტაციო რბოლა და უამრავი სხვა ატრაქციონია. განსაკუთრებული პოპულარობით კი, ე.წ. კაფსულით გაფრენა სარგებლობს, რომელიც 1 წამში 100 კმ/სთ-ს ავითარებს, 62 მეტრის სიმაღლეზე ადის და ქვასავით ეშვება მიწაზე.