„მსოფლიოს წლის ავტომობილის“ კონკურსის გამარჯვებული ცნობილია. წელს პრემიამ სიურპრიზების გარეშე ჩაიარა: 2025 წელს, ისევე როგორც 2024 წელს ექსპერტი ჟიურის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილი Kia-ს ელექტროქარი გახდა. თუკი გასულ წელს ლიდერი EV9 იყო, წელს პირველობა EV3-ს ხვდა წილად. პირველი ადგილისთვის ის BMW X3-თან და Hyundai Inster-თან ერთად იბრძოდა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა პრიზი – „წლის ელექტროქარის“ ნომინაციაში მიიღო.
კონკურსის წესების მიხედვით, მასში მონაწილე მოდელები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. პირველ რიგში, ისინი ოფიციალურად უნდა იყვნენ წარდგენილი მინიმუმ ორ კონტინენტზე და ორ მნიშვნელოვან ბაზარზე (ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, იაპონია, კორეა, ლათინური ამერიკა ან აშშ). მეორე, მათი წლიური წარმოების მოცულობა მინიმუმ 10 ათასი ეგზემპლარი უნდა იყოს. და მესამე, მათი ფასი ლუქს კლასის ავტომობილებზე უფრო ნაკლები უნდა იყოს.
რაც შეეხება „წლის ლუქს ავტომობილის“ კატეგორიას, გამარჯვება Volvo EX90-მა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილებზე Porsche Panamera და Macan გადანაწილდნენ.