მსოფლიოში უპირატესობა ენიჭება ინსპექტირებას, მოულოდნელად ტარდება, კლინიკები არ ხვდებიან მომზადებული, რათა რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს რეალური სურათის დანახვის შესაძლებლობა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი-მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პირველი მოტივაცია ჩვენთვისაც ეს იყო, რადგან ბოლო პერიოდში დაგროვდა შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერები განსხვავდებოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩანაწერებისგან იმგვარად, რომ კლინიკური სურათის მიმდინარეობა არ შეიძლებოდა, ისეთი ყოფილიყო, როგორც ეს იყო მაგალითად, სამედიცინო დოკუმენტაციაში.
შემდეგ ჩვენ გვიწევს ამ საქმეების განხილვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად და რა თქმა უნდა, ეს მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. ამდენად, უფრო სამართლიანი იქნება, პაციენტის საჩივარზე რეაგირებისთვის რეგულირების სააგენტოს პირდაპირ ჰქონდეს შემოწმების შესაძლებლობა დამატებითი პროცედურის გარეშე, რაც არის სასამართლოს ნებართვა, 72-საათიანი პერიოდი“, – განაცხადა გაბუნიამ.