დორტმუნდის ბოტანიკური ბაღიდან უნიკალური მცენარე – ტიტანური ფესვურა სახელად „დავითი“ – გაუჩინარდა. ბაღის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ქურდებს სინდისი შეაწუხებთ და მცენარე თავის ადგილს დაუბრუნდება. სიახლის შესახებ Wa.de წერს.
პოლიციის ვარაუდით, ქურდობა 22 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში მოხდა.
მცენარე სათბურში ინახებოდა და განსაკუთრებული დაცვის ქვეშაც არ ყოფილა.
„ჩვენ უამრავი იშვიათი მცენარე გვაქვს, შეუძლებელია თითოეული მათგანის ინდივიდუალურად დაცვა,“ – განმარტა ბაღის წარმომადგენელმა. ტიტანური ფესვურის ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის ოთხნიშნა თანხის ფარგლებშია.
დორტმუნდის მერიის წარმომადგენელმა სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ ქურდობის მოტივი სრულიად გაურკვეველია.
„ტიტანური ფესვურა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს – მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია მისი გადარჩენა.“
„დავითი“ დორტმუნდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მცენარედ ითვლებოდა. მისი ყვავილობა იშვიათი მოვლენაა – ტიტანური ფესვურები მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ყვავიან და ეს პროცესი ათასობით სტუმარს იზიდავს.
ასე მოხდა 2018 და 2021 წლებშიც, როცა „დავითი“ საოცარი ყვავილობით ამშვენებდა „რომბერგპარკს“.
მცენარის ზომა მართლაც შთამბეჭდავია – ტიტანური ფესვურა შეიძლება ორ მეტრზე მეტ სიმაღლემდე გაიზარდოს. თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული თვისება მძაფრი სუნია, რომელიც აყვავებისას ლეშის სუნს ჰგავს, რის გამოც მცენარეს ხშირად „ლეშის ყვავილსაც“ უწოდებენ.
ახლა კი „დავითი“ გაუჩინარებულია. ბაღის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ უცნობებმა მცენარე ფესვიანად ამოთხარეს, შემდეგ კი მისი ადგილი ისევ ამოავსეს, რათა დანაშაული დაეფარათ. სავარაუდოდ, ეს საკმაოდ რთული ოპერაცია იყო, რადგან ფესვის მასა დაახლოებით 20-30 კილოგრამს შეადგენს.
ბოტანიკურმა ბაღმა პოლიციას მიმართა და იმედოვნებს, რომ ამბავს ბედნიერი დასასრული ექნება.