ალასკის ეროვნულ პარკში მცხოვრებმა 500 კილოგრამზე მეტი წონის ყავისფერმა დათვმა სახელად ჩანკმა, მიუხედავად მოტეხილი ყბისა, ყოველწლიურ კონკურსში Fat Bear Week გამარჯვება მოახერხა. „ყველაზე მსუქანი და ზამთრისთვის საუკეთესოდ მომზადებული დათვის“ ტიტულისთვის ერთმანეთს 12 კონკურსანტი ეცილებოდა, წერს BBC.
პარკის რეინჯერების თქმით, ჩანკმა კონკურენტებს საკუთარი გამძლეობითა და ადაპტაციის უნარით აჯობა: მან შეძლო თევზაობა და საკვების მოპოვება მძიმე ტრავმის მიუხედავად.
„ის გვახსენებს, რამდენად ძლიერები არიან დათვები და როგორ ახერხებენ გამოჯანმრთელებას სირთულეების შემდეგ,“ – აღნიშნა რეინჯერმა ნაომი ბოაკმა.
ფინალში ჩანკმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტოქე – დათვი ნომერი 856, 30,000-ზე მეტი ხმით დაამარცხა.
ტრადიციული კონკურსი ტარდება მაშინ, როცა დათვები ზამთრის ძილამდე მაქსიმალურ წონას კრეფენ. ნაკრძალის ბინადრებს ათობით ქვეყნიდან ლაივ ტრანსლაციის დახმარებით აკვირდებიან.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელმა გამარჯვებულმა ყბა ივნისში დაიზიანა, მაშინ როცა სხვა დათვებთან იჩხუბა. მიუხედავად ამისა, მან ზაფხულში წონაში მომატება მაინც შეძლო და ზამთრისთვის იდეალურად მოემზადა.