LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი ავსტრიაა და არც ჯგუფში ჩარჩენა გვინდა

22

კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები მოახლოვდა. გთავაზობთ 23 თებერვლის მატჩის მოწინააღმდეგე გუნდების – საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მწვრთნელების კომენტარებს, რომლებიც ფიბას საიტზე გამოქვეყნდა.

ილიას ზუროსი (საქართველო):

“თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ იმ რესურსით, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე გვქონდა, მაქსიმუმი გავაკეთეთ. ძნელია, როდესაც ახალი კალათბურთელების მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გაქვს, მაღალი შედეგებისთვის იბრძოლო. სეზონი იმ მოთამაშეებთან ერთად გავხსენით, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში არასდროს ეთამაშათ.
კარგი ისაა, რომ ამ მატჩებში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა. თავი გამოიჩინეს ახალგაზრდებმაც, რომელთაც გუნდში დებიუტი ჰქონდათ ანაც მანამდე ძალიან მცირე დრო ეძლეოდათ. ამ ბიჭებს საკმარისი დრო აქვთ, რათა თამაში გააუმჯობესონ და ნაკრებისთვის უფრო სარგებლიანები გახდნენ”.

მატიას ზოლნერი (ავსტრია):

“გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე – პირველი სანაკრებო ფანჯრის დროს. რთულია იმის თქმა, ჩვენი მეტოქეები როგორი შემადგენლობებით ჩამოვლენ. მთავარია, ჩვენს გარჯაზე ვიყოთ ფოკუსირებულნი.
კარგად გვესმის, რომ საქართველოსთან მატჩი გადამწვეტია. თუკი ეს შეხვედრა მოვიგეთ, სერბეთთან სათამაშოდ უფრო თავისუფლად გავალთ და შებოჭილები არ ვიქნებით. ამ მატჩებში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ვეცდებით, ქომაგები გავახაროთ.”

 

საქართველოს ნაკრებს სოლიდური დანაკლისი აქვს. ფიბასა და ევროლიგას დაულაგებლობის გამო ნაკრებში წამოსვლას ვერ ახერხებს ბასკონიელი თორნიკე შენგელია, ხოლო უნიკახელი გიორგი შერმადინის ნაკრებში თამაშის შანსი მიზერულია. გიორგის გუნდს 22 თებერვალს ესპანეთში თამაში ელის. ტრავმები ცალკე თემაა და ამ მიზეზით ქართველებს დუდა სანაძე ხომ დააკლდებათ და დიდი შანსია, ვერ ითამაშონ ვერც მანუჩარ მარკოიშვილმა და ვერც გიორგი ცინცაძემ.

 

 

“ჩვენთვის ყველაზე მძიმე ავსტრიასთან შეხვედრაა – აცხადებს ზუროსი – ვიცით, რომ ჯგუფში ერთი გუნდი რჩება და მჯერა, რომ საქართველო აუტსაიდერობას არ იმსახურებს. ცუდი ისაა, რომ ტრავმების გამო ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია.
გერმანიასთან მატჩზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც კვალიფიციური მოთამაშეები არ აკლია. თუნდაც, მიუნხენის “ბაიერნის” კალათბურთელები ავიღოთ. და მაინც, მთავარი ავსტრიაა. უმთავრესი მიზანი მათთან გამარჯვებაა.”

 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს მიმდინარე საკვალიფიკაციოში 2 წაგება აქვს, რომლებიც გასული წლის 24 ნოემბერს გერმანიაში (70:79) და 27 ნოემბერს სერბეთში (87:105) განიცადა.

 

საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

25 თებერვალს, საქართველოს ნაკრების გერმანიასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ-გაყიდვა დაიწყო.

ბილეთების ღირებულება 5, 10, 15, 25 ლარია და მათ რეალიზებას ინტერნეტით განახორციელებს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორი – tkt.ge.

მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები