ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ დამატებით საგადასახადო შეღავათებზე – მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება რეგულაციების გამკაცრება პანდემიიდან გამომდინარე,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად მიმდინარეობს მსჯელობა ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელებაზე.
„მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადავიაროთ ეს პერიოდი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება“, – განმარტა კაკაურიძემ.
მისივე თქმით, უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის.