საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტუ-ს რექტორსა და პროფესორებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი“ პრინციპის შესაბამისად, სტუ გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად.
როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტების მიღება აღარ მოხდება.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 90-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა. სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ბრიფინგამდე ირაკლი კობახიძე სტუ-ის რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძე სტუ-ს რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება
ცნობისათვის, მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანებულიყო, ცნობილი გახდა 29 იანვარს.
მთავრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, განცხადება გაავრცელა თსუ-ის სენატმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ იყო დასაბუთებული და მიზანშეწონილი.
6 თებერვალს, მთავრობის მიერ ინიციირებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დადგენილება მიიღო.
