საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე აცხადებს, პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობა ითხოვს განმარტებას ინსტიტუციებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე.
“დღეს საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას”.
საპარლამენტო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს არააღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს – კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე”,-აღნიშნავს რევაზ ჯაველიძე, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, 15 მარტს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
“გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება”, — ნათქვამი იყო განცხადებაში.