ზუსტად ერთი წლის წინ, 34 წლიანი პაუზის შემდეგ, მთაწმინდის პარკისა და რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა. 21 გონდოლით აღჭურვილი საბაგირო გზის ქვედა სადგური რუსთაველის გამზირის 52 ნომერში, მეტრო რუსთაველის მიმდებარედ მდებარეობს.
ია თარხან-მოურავი, მთაწმინდის პარკის მარკეტინგის მენეჯერი:
– მოგეხსენებათ, საბაგირო გზის აღდგენა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და ყველა მოუთმენლად ველოდით მის კვლავ ამოქმედებას. მინდა ვთქვა, რომ მთაწმინდის პარკის ვიზიტორებს შორის გონდოლებით გადაადგილებისადმი დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ ის უსწრაფესი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ქალაქის ცენტრს მთაწმინდის პარკთან აკავშირებს (დაახლოებით, 4 წუთში ხარ რუსთაველიდან მთაწმინდის პარკში), საბაგიროს გზის ქვედა სადგური ულამაზეს შენობაში მდებარეობს – მარტო შენობის დათვალიერებას უნდებიან ვიზიტორები, ქართველებიც და უცხოელებიც, 10-15 წუთს მაინც, იღებენ ფოტოებს და ხშირად აღნიშნავენ, რომ ასეთი ლამაზი სადგური იშვიათად უნახავთ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ულამაზესი ხედები, გონდოლიდან განსაკუთრებით საღამოობით რომ იშლება.

ამ ერთმა წელმა კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა, რამდენად აუცილებელი იყო ამ საბაგირო გზის გახსნა. როგორც იცით, მთაწმინდის პარკი მთელი წლის განმავლობაში არაერთ ფესტივალს მასპინძლობს. საბაგირო გზის გახსნამდე სტუმრებს ძალიან უჭირდათ ამ ღონისძიებებზე დროულად ამოსვლა, რადგან დიდხანს უწევდათ ოქროყანის გზაზე საცობში დგომა. საბაგირომ კი ეს დისკომფორტი მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. აქვე აღვნიშნავ, და სტატისტიკა გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ საბაგიროს გახსნის შემდეგ, მთაწმინდის პარკში ფუნიკულიორის ტრამვაით ამომსვლელთა რიცხვი კი არ შემცირდა, პირიქით გაიზარდა, რადგან გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ამოდიან ერთი ტრანსპორტით და ჩადიან მეორით.

– როგორც ვიცი, უსაფრთხოების ნორმები არის ის, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ.
– რა თქმა უნდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ტექნიკური უსაფრთხოება როგორც ატრაქციონების, ასევე ფუნიკულიორის და ახლა უკვე საბაგიროს გზის. კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რამხელა რისკის მატარებელია თითოეული მათგანი, შესაბამისად, ჩვენი ადმინისტრაციის პრიორიტეტია, რომ სტუმრები გვენდობოდნენ. საბაგირო გზის საინჟინრო-ტექნოლოგიური სამუშაოები ავსტრიულმა კომპანიამ „დოპელმაიერი“ შეასრულა. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დღემდე აქტიურად მონაწილეობენ გეგმურ შემოწმებებშიც. სხვათა შორის, 1905 წელს გახსნილი ფუნიკულიორის ტრამვაის მწარმოებელი და მემონტაჟეც „დოპელმაიერი“ იყო. ეს ფაქტები, ცხადია, მრავალწლიან სანდოობაზე მიუთითებს.
საბაგირო გზის მართვაში გადაბარებამდე, ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა არაერთი სერიოზული ტრენინგი გაიარა, მაგრამ პრაქტიკაში დამატებითი გამოცდილებაც მივიღეთ. მაგალითად, ამ ერთმა წელმა გვაჩვენა, რომ ის, რაც საბაგიროს მუშაობას აფერხებს, ძლიერი ქარია, შესაბამისად, ასეთ დროს მას ვაჩერებთ.

– შეიცვლება თუ არა საბაგირო გზის სამუშაო საათები ზამთრის სეზონთან დაკავშირებით?
– ჩვენ უკვე შევცვალეთ სამუშაო საათები. მოგეხსენებათ, ზაფხულში მთაწმინდის პარკი იკეტება 23:00 საათზე, საბაგირო კი 23:30 საათზე, მომხმარებელს ნახევარი საათი რომ ჰქონოდა უკანა გზაზე ჩასასვლელად. მაგრამ რადგან უკვე აგრილდა, პარკი 22:00 საათზე, საბაგირო კი 22:30 საათზე იკეტება. დილას, ტრადიციულად, 10:00 საათზე იხსნება, რადგან ტურისტული ჯგუფები დილიდანვე გვსტუმრობენ. რაც შეეხება ფუნიკულიორის ტრამვაის, ის უცვლელად, 10:00 საათიდან 00:00 საათამდე მუშაობს (განსაკუთრებული დატვირთვის დროს უფრო გვიანობამდეც).

– საბაგირო გზის ამოქმედებამ მთაწმინდის პარკში, ფუდკორტის სახით, ახალი სივრცის გაჩენას შეუწყო ხელი.
– დიახ, ფუდკორტის იდეა საბაგირო გზის ამოქმედებაზე ფიქრმა წარმოშვა. საბაგიროს ზედა სადგურზე ადრე ტირების ზონა გვქონდა, რომელიც განახლებას საჭიროებდა. გადავწყვიტეთ, ის მახლობელ ტერიტორიაზე გადაგვეტანა და თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად მოგვეწყო, მის ადგილას კი ისეთი ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, რომელიც ჩვენი ვიზიტორებისთვის თავშეყრის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცეოდა. შედეგად, მიმდინარე წლის მაისში, ფუდკორტი გაიხსნა და მისი სახით ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე შეემატა არა მხოლოდ ჩვენს პარკს, არამედ ქალაქს. ფუდკორტზე წარმოდგენილია 7 ბრენდული ობიექტი, რომელთა შორის ქართული კომპანიები ჭარბობენ. ფუდკორტი მუშაობს ყოველდღე, საბაგირო გზის სამუშაო საათების შესაბამისად.
– წეღან აღნიშნეთ, რომ მთაწმინდის პარკი მთელი წლის განმავლობაში არაერთ ფესტივალს მასპინძლობსო და, წლის ბოლომდე არსებული გეგმებიც გაგვიმხილეთ.
– 29 ნოემბერს, გიგანტური ბორბლის ქვეშ მდებარე კლუბში „ანდერვილი“, ღვინის კლუბთან ერთად, ცქრიალა ღვინის ფესტივალი გვექნება, 30 ნოემბერს კი ჩაის ფესტივალის ჩატარების დღედ მოვიაზრებთ. ამ ღონისძიებას ჩაის ასოციაციასთან ერთად გავუწევთ ორგანიზებას. შემდეგ უკვე საახალწლო ღონისძიებების ჩატარებაზე გადავალთ, რომლებსაც ორი ლოკაცია უმასპინძლებს – შადრევნის მოედანი და საბაგიროს ზედა სადგურისა და ფუდკორტის მიმდებარე ტერიტორია.