14 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ,,ისთერნ ფრომოუშენის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კერესელიძე და მუსიკოსი ლიზა კერესელიძე სტუმრობდნენ, რომელთაც თბილისის ჯაზ-ფესტივალის 25 წლის იუბილეზე ისაუბრეს.
– ბატონო გიორგი, მოკლედ ხომ ვერ მოგვითხრობთ ფესტივალის 25-წლიან ისტორიას?
– პირველად ფესტივალი 1970-იანი წლების ბოლოს ჩატარდა და პირველი ჯაზ-ფესტივალი გახდა საბჭოთა კავშირში, 1986 წელს ფესტივალს ე.წ. სოცბანაკის მუსიკოსები შეუერთდნენ, 1989-ში კი, გრანდიოზული ღონისძიება მოეწყო 140 ამერიკელი მუსიკოსის მონაწილეობით. მართალია, იმ პერიოდში პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო ამდენი უცხოელი მუსიკოსის თავმოყრა, მაგრამ ჩვენმა ფესტივალმა მაინც მოახერხა და ბატონ გაიოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით მოუწყო ერთკვირიანი ფანტასტიკური დღესასწაული მელომანებს.

– საინტერესოა, წელს რა პროგრამას შესთავაზებს ფესტივალი მელომანებს?
– პანდემიამ ფესტივალის ზაფხულის სეზონზე გადმოტანა და რეგულაციების მოთხოვნით ღია სივრცეს მორგება გვაიძულა, რაც გარკვეულწილად სასიამოვნოა, თუმცა მაინც არ ღირს ამინდის იმედზე ყოფნა. მართალია, ბათუმში ჯაზს წვიმაც უხდება, მაგრამ თბილისის ფესტივალი უფრო კონსერვატორულია განსხვავებული მუსიკითა და ბევრად სოლიდური შემსრულებლებით, ვისთვისაც სერიოზული დისკომფორტია უამინდობა. წელს ფესტივალს „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს, სადაც 30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღე აღვნიშნეთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროგრამა გვექნება, რადგან ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ჯაზ-ფაკულტეტის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამასთანავე, მოეწყობა ჯაზ-სინემა და ძველი ვინილების გამოფენა-გაყიდვა.

– ვინ იქნება ფესტივალის სტუმარი?
– 7 ივლისს ფესტივალს 5 გრემის მფლობელი დაიან რივსი გახსნის, 8 ივლისს ლეგენდარული ტრიო წარდგება პუბლიკის წინაშე ბასისტის დეივ ჰოლანდის, საქსოფონისტის ქრის პოტერისა და პერკუსიონისტის ზაქირ ჰუსეინის შემადგენლობით, 9 ივლისს კი, ვიჯეი აიერი და მისი საოცარი ტრიო დახურავს ფესტივალს.

– ლიზა, უამრავ ცნობილ მუსიკოსთან გიმუშავიათ, ვინ დაგამახსოვრდათ ყველაზე კარგად?
– საოცრად საინტერესო ადამიანია რობერტ პლანტი, რომელსაც უამრავი აქვს წაკითხული და ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ჩვენთან ჩამოსულმა ისეთი ადგილების მონახულება მთხოვა, სადაც ნაკლებად იყრიან თავს ტურისტები. მთიან აჭარაში მოვუწყვე ექსკურსია, გზად კი, ჩვენს ტრადიციებსა და სტუმარ-მასპინძლობაზე ვუყვებოდი, როცა ნებისმიერ ოჯახს შეიძლება მიუკაკუნო კარზე და აუცილებლად სახლში შეგიპატიჟებს. მართალია, მთელი ბენდი ყურადღებით მისმენდა, მაგრამ მსგავსი ხელგაშლილობა მაინც არავინ დაიჯერა. თუმცა, მოგვიანებით ერთ-ერთ სახლთან მოგვიწია გაჩერება, სადაც საოცრად გულუხვმა მასპინძელმა მთელი ოჯახი დააბზრიალა და ისე გვიმასპინძლა ყველა გააოცა.
– რა გავლენა მოახდინა ფესტივალმა თქვენს მუსიკალურ გემოვნებაზე?
– მთელი ცხოვრება ჯაზს ვუსმენ და რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. ახლა მაგისტრატურაში ვსწავლობ კლასიკური ვოკალის ფაკულტეტზე, მანამდე კი, მუსიკალური მენეჯმენტის ფაკულტეტი დავამთავრე.

– ბატონო გიორგი, როგორ გაჩნდა ფესტივალზე ფილმის შექმნის იდეა?
– როგორც უკვე აღვნიშნე „შერატონ გრანდ მეტეხი პალასის“ ერთ-ერთ დარბაზში ჯაზ-სინემაც მოეწყობა, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება ფილმის ნახვის საშუალება. ფილმი კახა თოლორდავამ გადაიღო, პირველი ნაწილი, რომლის პრემიერა ერთი თვის წინ შედგა, ფესტივალის დაარსებას და საბჭოთა ეპოქაში მის ისტორიას მიეძღვნა, მეორე კი, დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენს საქმიანობაზე, ისთერნ ფრომოუშენის შექმნასა და სხვა ღონისძიებებზე მოუთხრობს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო მსგავსი მასშტაბის ფილმის გაკეთება, რადგან დიდი დრო, ენერგია და ფინანსები დასჭირდა, თუმცა მიხარია, რომ საბოლოოდ მაინც შევძელით და ერთ ფილმში მოვუყარეთ თავი ყველა მნიშვნელოვან მოვლენას.

