საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე აფგან მუხთარლის საქმეზე ვერცერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, თუ რა მოხდა. შოთაძის ინფორმაციით, ამ საქმეზე ასეულობით მოწმე არის დაკითხული, ამოღებულია ასობით საათის ვიდეო ჩანაწერები, შესაბამისი ტერიტორიის პერიმეტრზე, სადაც შესაძლებელია რაიმე მომხდარიყო.
მისივე თქმით, მთავარ პროკურატურას სამართლებრივი დახმარებები გაგზავნილი აქვს აზერბაიჯანში და ითხოვს, აფგან მუხთარლის დაკითხვაზე მისი წარმომადგენლის მონაწილეობას.
„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, კონკრეტულად ამ განაჩენში რა იურიდიულ ფაქტებზე არის საუბარი, რას დაეყრდნო ეს იურიდიული ფაქტები და განაჩენი. ჩვენთვის, ამ გამოძიების წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანიდან ინფორმაციის მიღება, თუმცა ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა რამდენჯერმე გავაგზავნეთ, ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. მუხთარლის დაკითხვასაც ვითხოვთ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მუხთარლის მეუღლეს და მის მიერ შერჩეულ ადვოკატს სრული წვდომა აქვთ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, მათ შორის, ვიდეო მასალებთან და ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ საქმის მასალებს. ასევე, მივეცით შესაძლებლობა, ჩვენთვის მოეწოდებინათ მათი მოსაზრებები შესაძლო ჩასატარებელ საგამოძიებო – საპროცესო მოქმედებებზე,“ – განაცხადა შოთაძემ.