LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვრთნელი ერთ კვირაში იქნება: ამბობენ, კალაძის მეგობარიაო…

25

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერაც არ ჰყავს ახალი დამრიგებელი. არადა, დრო აღარ ითმენს. 29 მარტს ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთს უმასპინძლებს.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ამ მატჩისთვის ფეხბურთელებს ნაკრების ახალი მწვრთნელი შეარჩევს. უკეთესი კი არა, წესითა და რიგით, ეს ასეც მოხდება. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან შევიტყვეთ, ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი მარტის შუა რიცხვებისთვის ეყოლება და სწორედ ის გამოიძახებს ფეხბურთელებს 29 მარტის სპარინგისთვის…

ცხადია, ეს ძალიან კარგია. რატომ უნდა გააცდინოს ახალმა მწვრთნელმა თუნდაც ერთი მატჩი, როცა არის იმის საშუალება, რომ მარტშივე დაიწყოს გუნდის გაცნობა. სხვანაირად, ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩს აზრი და მნიშვნელობა დაეკარგება.

არის მეორე მომენტიც. ყაზახეთი ისეთი მეტოქეა, ჩვენს საკბილოდ რომ უნდა გამოდგეს. აქედან გამომდინარე, თავად ახალი მწვრთნელის (რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციისაც) ინტერესში უნდა იყოს, რომ გუნდი მარტის შუა რიცხვებისთვის ჩაიბაროს. ნებისმიერი მწვრთნელისთვის ასეა და გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრების ახალი დამრიგებელი იქნება.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კარგ დასაწყისს. თან მეტოქეც გონივრულადაა შერჩეული – საქართველოს ნაკრებს საკუთარ კედლებში ყაზახეთის ძლევა ნამდვილად შეუძლია. იური კრასნოჟანის გუნდი მთლად საჩუქარი არ არის და ბოლო დროს ადგილ-ადგილ ბრჭყალებსაც გამოაჩენს ხოლმე, მაგრამ მაინც…

ძალიან დიდია იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტი დაინიშნოს და თანაც ისეთი, თავის დროზე დიდი ფეხბურთი რომ უთამაშია.
აქა-იქ ჩვენს საფეხბურთო თემში იმასაც გაიგონებთ, ეს მომავალი დამრიგებელი საქართველოს ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია და ლევან კობიაშვილთან ერთად, მწვრთნელს სამომავლო თანამშრომლობაზე ისიც ელაპარაკაო…
ფეხბურთის ფედერაცია ამ ეტაპზე უფრო უცხოელი მწვრთნელისკენ იხრება. ყოველ შემთხვევაში, საქმეს ასეთი პირი უჩანს.

გაზეთი „ლელო“ (შემოკლებით)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები