LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზიურში მდებარე ამფითეატრი და კაფეს შენობა ორგანიზაცია “მზიანს” სარგებლობის უფლებით გადაეცა

475

თბილისის მერიამ მზიურში მდებარე ამფითეატრი და კაფეს შენობა ორგანიზაცია “მზიანს” სარგებლობის უფლებით გადასცა.

დღეს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ მზიურის პარკში “მზიანის” დამფუძნებელს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს სარგებლობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა გადასცა. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის მერია კაფეს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასაც უზრუნველყოფს. პროექტი “ახალი მზიური” – ითვალისწინებს მზიურის ტერიტორიაზე სოციალური კაფეს და ამფითეატრის ამოქმედებას.

პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოეწყობა პანდუსები და მოაჯირები. უსინათლოთათვის გაკეთდება სანიშნეები, მენიუსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არმქონე პირთათვის გაკეთდება სპეციალური ნიშნები.

რაც შეეხება ამფითეატრს, იგი საერთო სარგებლობის ობიექტად დარჩება და ორგანიზაცია “მზიანს” უფლება ექნება ინვესტორის დახმარებით, ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები. გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები. სეზონის მიხედვით გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში “მზიური” ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მისი ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

“ახალი მზიურის” იდეა “მზის ფესტივალის” დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის, სწორედ მან მიმართა მერიას განცხადებით და “მზიურში” არსებული კაფესა და ამფითეატრის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა ითხოვა.

თბილისის მერიამ ვერეს ხეობისა და პარკი “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ტერიტორიაზე ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.

1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია “ოცნებას კაცი არ მოუკლავს”. სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. პარკი 1982 წელს გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g