„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადაყენების პროცედურები უნდა დაიწყოს.
ნიკა მელია: ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია
როგორც პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ბათუმის საკრებულოდან გასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარტიული სიის მომდევნო ნომრით, თუმცა ხაბეიშვილმა სია თვითნებურად შეცვალა და ოთხი პირი – ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე პარტიული სიიდან ამოიღო.
„სია დაკომპლექტებული იყო იმ ადამიანებით, ვინც აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და ებრძოდნენ რუსულ რეჟიმს. ჩვენდა გასაკვირად, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს მნიშვნელოვანი პარტიული საქმეებით, სიიდან შლის ამ ადამიანებს. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნოდარ დუმბაძის თქმით, ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე არ უნდა იყოს.
„ლევან ხაბეიშვილი არ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გადამაყენონ, თუმცა, ნურას უკაცრავად, არ ვაპირებ გადადგომას.
ხაბეიშვილი აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა „ქართული ოცნება“. უნდა დაიწყოს პროცედურები ხაბეიშვილის გადასაყენებლად“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ.
ამასთან, სიიდან ამოღებული პირები აცხადებენ, რომ ისინი ხაბეიშვილისთვის მიუღებლები აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ არჩევნებზე მელიას დაუჭირეს მხარი.
„სიიდან მხოლოდ იმის გამო ამომიღო, რომ ნიკა მელიას ვუჭერდი მხარს. ოთხი ადამიანი ამოგვიღო სიიდან, ის ხალხი, ვინც მელიას უჭერდა მხარს“, – აღნიშნა ლევან გორგილაძემ, რომელსაც საკრებულოდან გასული დეპუტატი ლაშა კილაბერია უნდა ჩაენაცვლებინა.