ჩიორა თაქთაქიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა რამდენიმე წევრი შეამცირა.
„კობა ხაბაზი – თავისუფალი ზონის დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი.
გოგა ონიანი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე.
ზურაბ ცერცვაძე – საჩხერეში (!!!!!) ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი.
გიორგი (ჯეო) ხურცილავა – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი.
ვაჟა წოწკოლაური – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი,
გიორგი ბაბაკიშვილი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, მოიგო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არაერთი სკანდალური საქმე,
ეს ადამიანები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას.
დღეს ისინი შემცირებაში მოაყოლა “შიდადემოკრატიის” სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა.
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. მაგრამ სირცხვილია!!!!!!!!!!!!! ძალიან დიდი სირცხვილი!!!“ – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
განცხადებას გამოეხმაურა პარტიის წევრი სერგო რატიანი, მისი თქმით, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა.
„”ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ დაფინანსება თვეში დაახლოებით 100 000 ლარით შეუმცირდა. ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ: მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მითუმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება (თუნდაც დამატებითი ფუნქციებით), ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს. ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის ჩემდა სამწუხაროდ გათავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი და არა მხოლოდ ჩამოთვლილი პირები. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მითუმეტეს თანამებრძოლების და მითუმეტეს ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ, რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ ოც კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ გაუშვა სამსახურიდან ორმოცი. მე ”ნაციონალურ მოძრაობაში” 2012 წელს მოვედი და ჩემ მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით”, – აცხადებს სერგო რატიანი.