პოლონეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში განაახლა.
ილიას ზუროსის გუნდმა პოლონეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ბოლო მოსამზადებელი მატჩები გამართა – შვედეთთან და პოლონეთთან დამარცხდა. შესაბამისად, საქართველომ მოსამზადებელი მატჩები თანაბარი ბალანსით დაასრულა – 4 მოიგო და 4 წააგო.
ნაკრების წევრებმა საფუძვლიანი ვარჯიში გამართეს. ილიას ზუროსმა გუნდი ჯერ „სნეპ-ფიტნესში“, ტრენაჟორებზე ავარჯიშა, შემდეგ კი სპორტის სასახლეში თითქმის ორი საათი ავარჯიშა.
თორნიკე შენგელიამ გუნდთან ერთად ტრენაჟორებზე სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა ბურთით ნაკლებად დაიტვირთა. შენგელიამ სროლებში და რამდენიმე კომბინაციაში ივარჯიშა, თუმცა ორმხრივი თამაშისას ის მოედანზე არ იმყოფებოდა. შენგელიას არაფერი აღარ აწუხებს, უბრალოდ მწვრთნელები მის დატვირთვას ერიდებიან.
პოლონეთში, შვედეთთან მატჩში ტრავმირებული მაიკლ დიქსონი მომჯობინდა. დიაგნოსტიკამ მის მუხლში უარყოფითი ვერაფერი აჩვენა. მან ექიმის მეთვალყურეობით, მსუბუქად ივარჯიშა.
შენგელიას და დიქსონის სტატუსი საალბანეთოდ ჯერ დაუზუსტებელია, თუმცა დიდი ალბათობით ორივე გავა მოედანზე – შეზღუდული დროით.
სხვა მხრივ, ნაკრებში ყველაფერი წესრიგშია.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის შესარჩევში პირველ მატჩს 31 აგვისტოს ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 19:00 საათზე დაიწყება.
მომდევნო თბილისური მატჩები კი ერთი კვირის ინტერვალითაა: 7 სექტემბერს მონტენეგროს ვუმასპინძლებთ, 14 სექტემბერს კი სლოვაკეთს.