აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საკუთარ მოსაზრებას საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და წერს:
„ხშირად მიფიქრია, ალბათ, სინდისი ისეთივე ორგანოა როგორც გული ან თავის ტვინი. უბრალოდ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია სპეციფიკური ტესტი, რომლითაც ამ ორგანოს (სინდისის) ვიზუალიზაციას შევძლებთ.
რატომ ვფიქრობ ასე? სინდისის სწავლა არ შეიძლება, არც მისი შეძენა სხვა რაიმე ხერხით. სინდისით ან მის გარეშე იბადები.
როცა საკუთარ საქციელს რაღაც მორალურ ჩარჩოში აქცევ და შენს მიერვე წინასწარ დადგენილ ფარგლებს სცდები, ვერ ისვენებ, გული გეკუმშვება, გიჩქარდება, არტერიული წნევა გიწევს, ყურები გიწუის, თავბრუ გეხვევა, ვეღარ იძინებ. შეიძლება, განუწყვეტელი სინდისის ქენჯნისგან ყველაფერი აგტკივდეს. ამ რეაქციებს საფუძვლად უდევს ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური ძვრები, რასაც კონკრეტული ნივთიერებების სრულიად კონკრეტულ რეცეპტორებზე ზემოქმედება იწვევს. ამიტომაც მგონია, რომ სინდისი არის ის ორგანო, სადაც ამ ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური ძვრების სასიგნალო სისტემებია მოთავსებული.
როცა უსინდისო დაიბადები, შეგიძლია, ომში მყოფ ქვეყანას მოსთხოვო, მე რომ მაწყობს, ისეთი მთავრობა იყოლიე და შენს მოკლულებს მაშინ დავიტირებ, მიწასთან გასწორებულ ქალაქებს მოვინახულებ და ომის დასრულებისას არ გაგასამართლებო.
გულის გარეშე ვერ დაიბადებით – სიცოცხლესთან შეუთავსებელია.
უსინდისობაც შეუთავსებელია სიცოცხლესთან. ოღონდ სიცოცხლის სხვა, მორალურ ფორმასთან.
ვფიქრობ, ცოცხალ-მკვდარი აღწერს ზედმიწევნით ასეთ სიცოცხლეს…“