„ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე, მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ათასობით ადამიანს შეჩერებული მართვის მოწმობა აღუდგება.
ვის აღუდგება 1 იანვრიდან მართვის მოწმობა – რას აცხადებს არჩილ გორდულაძე
„რაც შეეხება ვის არ შეეხება, არ შეეხება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს მაგალითად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, თუ პირი დაშავდება, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა და ამის გამო აქვს მას მართვის მოწმობა ჩამორთმეული“ – ამბობს გორდულაძე.
როგორც მევლუდ მელაძე აცხადებს, გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ავტომობილის ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართვის შემთხვევები წაახალისოს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის კუთხით ქვეყნისთვის ისედაც დიდი გამოწვევაა.
„არსებობს ზოგადად ასეთი პრაქტიკა და ეს აქ მოგონილი არ არის. როცა გარკვეული სამართალდარღვევები გროვდება, ამნისტიის ფორმის განკარგულებები გამოდის სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, რადგანაც ჩვენთან ყველაზე მძიმე და დიდი პრობლემა ნასვამი მძღოლია, ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი. ეს შეიძლება შეეხოს სხვადასხვა დანაშაულს, რის გამოც ადამიანს მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული. მაგალითად, ქულები ამოეწურა ან სხვადასხვა უწყინარ დარღვევას ჰქონდა ადგილი. თუმცა, მე პირადად ნასვამი მძღოლების მიმართ, ლოიალური არ ვიქნებოდი. ეს იმიტომ, რომ ყველაზე მეტ შემთხვევაში, სავალალო შედეგით დასრულებული ავარიების დროს, სწორედ ნასვამი მძღოლი იყო საჭესთან.
მომხრე ვარ ზოგადად ჩანართების, რომ გარკვეული ამნისტიები იყოს ხოლმე და მართვის მოწმობების დაბრუნება მოხდეს კონკრეტული მიმართულებებით. თუმცა, უშუალოდ ნასვამ მძღოლებზე რომ გავრცელდეს მსგავსი კანონპროექტი, ამისი მომხრე ვერ ვიქნები. ეგ არის რაც მადარდებს. როცა ნასვამ მძღოლებს ეხება საქმე, აქ ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. რაიმე სახის წახალისების ფორმა არ უნდა მიიღოს ამან. როგორც საგზაო მოძრაობის ერთ-ერთი ექსპერტი, შემიძლია ეს ვთქვა შეჯამებისას, რომ ამ კანონპროექტიდან ნასვამი მძღოლების ნაწილს ამოვაკლებდი. ამას შემდეგ უფრო მეტი სიღრმეები რომ არ მოჰყვეს“, – განაცხადა მელაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას, კანონის სამომავლო გამკაცრებასთან დაკავშირებით საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს გაცხადებული, კონკრეტულად რა იგულისხმება ზომების გამკაცრებაში:
„თუ არსებობს რაიმე ნაბიჯები, რაც ამ ყველაფერს მომავალში უნდა მოჰყვეს, ყველაფერი წინასწარ გაცხადებული უნდა იყოს. ფორმულა უნდა არსებობდეს თავიდან ბოლომდე. ახლა რომ ეს მოხდება, მერე რა მოჰყვება ამ ყველაფერს. იმის თქმას, რომ რაღაც დოზით გამკაცრდება, რაც ჯერ წინასწარ არ ვიცით, ჩემი აზრით, საერთოდ არაფრის თქმა სჯობს. როცა ამბობ, მერე უფრო მკაცრი ვიქნები, უნდა ვიცოდე, რას გულისხმობ ამაში. როდესაც რაიმე კანონპროექტია ინიციირებული, მასში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი დასაწყისიც და დაბოლოებაც“, – აცხადებს მელაძე.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, 1 იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
