LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბედოშვილმა ფეხსაცმლის დიზაინერობა მწარე გამოცდილების გამო დაიწყო

429

ფეხსაცმლის დიზაინერი ნათია ბედოშვილი ორი წელია, ამ სფეროში მუშაობს. პროფესიით დიზაინერი არ არის, ახალი პროფესიის ათვისება საკუთარმა მწარე გამოცდილებამ გადააწყვეტინა… ამის შესახებ თავად გვიამბობს.

ნათია ბედოშვილი:

ფეხსაცმლის დიზაინერობა ორი წლის წინ დავიწყე. სხვა პროფესია მაქვს, მაგრამ  მალევე დიზაინი ჩემს საყვარელ პროფესიად იქცა (იღიმის). საკმაოდ დიდი ზომის ფეხი მაქვს და ხშირად მივმართავდი ქართველ დიზაინერებს ფეხსაცმლის შესაკერად. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვიღებდი სასურველ შედეგს. არ მიკერავდნენ ნატურალური ტყავით, მატყუებდნენ, ზომითაც დიდი აღმოჩნდებოდა ხოლმე. მოკლედ, კმაყოფილი არ ვიყავი და გადავწყვიტე, რომ თავად შემესწავლა ეს საქმე.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ მაქვს საკუთარი მაღაზია. დიდი სურვილი მაქვს, რომ შევიძინო ფართი და გავხსნა მაღაზია. ვფიქრობ, შემოდგომისთვის ამას მოვახერხებ. თბილისი მოდის კვირეულისთვის კოლექციის მომზადება მსურს…

ამჟამად სახლიდან ვმუშაობ. გაფორმებული მაქვს კონტრაქტი რამდენიმე ძალიან კარგ ხელოსანთან და მათ ვაკერინებ…

რა მასალებით მუშაობ?

ძირითადად თურქეთიდან და იტალიიდან ჩამომაქვს, ზამშეს ესპანეთიდან ვიწერ. ხარისხის ამბიცია ნამდვილად მაქვს. შეკვეთიდან ერთ კვირაში ფეხსაცმელს ვაბარებ და მომხმარებელს არ უწევს დიდხნიანი ლოდინი, როგორც სხვა დიზაინერების შემთხვევაში ხდება. რაც შეეხება ქუსლებს, ხის ქუსლებს აქვე ვამზადებთ, სხვა ქუსლებს თურქეთიდან ვიწერ. გამოცდილება აჩვენებს, რომ თურქეთიდან ჩამოტანილი ქუსლები გამძლეა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხსაცმელში კალაპოტია. თუკი კალაპოტი არ ვარგა, რა დიზაინიც უნდა ჰქონდეს, არც ფეხსაცმელი ივარგებს. კალაპოტების ნაწილს მოსკოვში ვამზადებინებ, ნაწილს კი აქ, ერთ ძალიან გამოცდილ ადამიანს ვაკერინებ.

როგორი ფეხსაცმელი წელს მოდური?

მე აქცენტს ხარისხზე და კომფორტზე ვაკეთებ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საქმე საკუთარ გამოცდილებაზე ავაგე. ვცდილობ, გავითვალისწინო მომხმარებლის ყველა პრეტენზია და შევქმნა ისეთი ფეხსაცმელი, რომლითაც დღის განმავლობაში ადვილად ივლიან. ჩემი ფეხსაცმელები ძალიან თავისუფალ სტილშია.

რაც შეეხება ზოგად ტენდენციებს, უცხოელი მომხმარებელიც მყავს და მათთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კომფორტი. ბევრს დადიან ფეხით, ითხოვენ დახურულ ფეხსაცმელს, მაგალითად, როცა ლონდონიდან მაქვს შეკვეთები, მთხოვენ არ გავუკეთო ნატურალური ძირი, რადგან იქ სულ წვიმს და ფეხსაცმელი ადვილად ზიანდება. საქართველოში სულ სხვა მოთხოვნები აქვთ. ბევრი ხმარობს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომელიც უკვე აღარ არის მოდური. საზღვარგარეთიდან თუ მიკვეთავენ მაღალქუსლიანს, მრგვალ ცხვირს მაკეთებინებენ…

თუმცა მოდაში შემოვიდა ძალიან წვეტიანი ფეხსაცმელი…

დიახ. ახლა მოდურია ძალიან წვეტიანი ფეხსაცმელი, თუმცა მე ისეთ წვეტიანს არ ვაკეთებ, როგორიც ჩემს გემოვნებას არ შეესაბამება. ბალეტკებიც კი წვეტიანია მოდური, მაგრამ მე ისეთ წვეტიან ცხვირს ვერ გავუკეთებ, ორი სანტიმეტრით წინ რომ იქნება გაწეული (იღიმის). მოდურ ტენდენციებს მივყვები, მაგრამ ამდენად არა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები