გრძელდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი, რომლის ერთ-ერთი ინდიკატორი საგარეო ვაჭრობაა. ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით ქართული ნაწარმის ექსპორტი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.7 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 429.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ნათია თურნავას თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა არამხოლოდ გასული წლის, არამედ პანდემიამდელ – 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მონაცემებს და მას 23.6%-ით აღემატება.
„ეს მონაცემები არის იმის მაჩვენებელი და საწინდარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წელიწადს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზს ვაკეთებდით – ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
