LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

157
00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  და აშშ-ის მთავრობას მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

თურნავას თქმით, უცხოური ინვესტიციების წახალისებამ, სავაჭრო ხელშეკრულებების ხელშეწყობამ და ტექნიკური დახმარების გაწევამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და ხალხის კეთილდღეობაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალფეროვან საინვესტიციო რესურსებზე, ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა ქვეყნის კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია.

„საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ შუა დერეფანში, ჩვენს რეგიონში ფინანსური ინოვაციების ჰაბი გახდეს. საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ წამყვან როლს იკავებს ქვეყანაში ინოვაციური და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში. მან შეიმუშავა სტრატეგიული მიდგომა, რომელიც პოლიტიკაზე ორიენტირებულ ღია რეგულირებას გულისხმობს და ფინანსური სისტემის მონაწილეთა სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენი მიზანი ფინანსური სისტემის ფარგლებში დიგიტალიზაციის სტიმულირება და ინოვაციური გადაწყვეტების უსაფრთხოდ დანერგვის წახალისებაა“, – განაცხადა თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პროექტზე, მათ შორის, USAID-ის გუნდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე „ფინტექ ბიზნესმოდელის რუკები“, რომლის ფარგლებშიც საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არსებული ინოვაციების რეგულაციური ბარიერები დადგინდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო კაპიტალის ბაზრის განვითარების ამოცანისადმი ეროვნული ბანკის მტკიცე ერთგულება. ამ მიზნით გავაგრძელებთ პროდუქტიულ თანამშრომლობას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საჯარო და კერძო პირებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ფაზაშია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან საოცრად კარგი პროგრესი აჩვენა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და განვითარების სააგენტოების ინიციატივების დამსახურებაა. USAID-მა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, – აღნიშნა თურნავამ.

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა ხუთწლიანია და მისი ბიუჯეტი 18.9 მილიონ დოლარს შეადგენს. პროგრამის საშუალებით, USAID ხელს უწყობს ქვეყნის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g