LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატოში ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – ალიანსის წარმომადგენლები ძალიან ელიან ამ პირველ შეხვედრას“ – ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

149
BeFunky-collage

ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, თავისთავად მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე და მათ შორის, ნატოში ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის წარმომადგენლები ინტერესით ელიან პირველ შეხვედრას.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, რაც თავისთავად მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე და მათ შორის, ნატოში ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გითხრათ, რომ ალიანსის წარმომადგენლები ძალიან ელიან ამ პირველ შეხვედრას.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ბატონ სტოლტენბერგთან, არამედ იქნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, სადაც ელჩებთან ერთად გვექნება შესაძლებლობა განვიხილოთ ყველა ჩვენი მტკივნეული საკითხი და მნიშვნელოვანი აქცენტები გავაკეთოთ ჩვენს მომავალ ინტეგრაციულ პროცესზე ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი წევრობის თვალსაზრისით. წლევანდელი წელი გამოირჩევა ასევე იმით, რომ იქნება საიუბილეო სამიტი. 75 წლის იუბილეს აღვნიშნავთ ვაშინგტონში ალიანსის დაარსებიდან.

ამიტომ, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაგმატული საკითხების განხილვა საქართველოსთან მიმართებაში დღის წესრიგში იდგა, ახლაც დგას და მომავალში იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით დადგება, რომელიც საბოლოოდ აისახება ჩვენს უმთავრეს მიზანში, რომელსაც ნატოში სრულფასოვანი წევრობა ჰქვია“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში.

ასევე, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g