საქარათველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თვლის, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე, არავითარი საშიშროება არ არსებობს. ეს განცხადება დავით ზალკალიანმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების შეფასებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ის საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კავშირზეა და განახლებულ ინფორმაციას იღებს რეგიონში განთავსებული საელჩოებიდან.
“პარტნიორების მხრიდან გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმის თქმისა, რომ პროცესები წავიდეს დეესკალაციის მიმართულებით და აქტიურად იყოს ჩართული ყველა დიპლომატიური მექანიზმი. ჩვენ ინსტრუქტირებული გვყავდა ყველა ჩვენი საელჩო სპარსეთის ყურის რეგიონში. ამ რეგიონში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები. ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და ვიქნებით აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან,”- განაცხადა ზალკალიანმა.
ომის ნაცვლად სანქციები – დონალდ ტრამპის გზავნილებს საქართველოს პრემიერ მინისტრი დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა. გიორგი გახარიამ შესაძლო რისკებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა და არნიშნა, რომ არსებული ვითარება საქართველოს მთავრობის მიერ სწორად უნდა იყოს შეფასებული, ამიტომ შესაბამისი უწყებები პარტნიორებთან ერთად კვლავ განაგრძობენ დაკვირვების პოზიციაში ყოფნას.
“მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს” – გახარიას მთავრობის სხდომა