LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებმა ფეიერვერკები საბოლოოდ აკრძალა – გადაწყვეტილების მიზეზი უსაფრთხოება და გარემოა

109
ქირიას NEWS შაბლონი

ნიდერლანდებში 1-ელი აგვისტოდან ფეიერვერკების ყიდვა, გაყიდვა და გამოყენება სრულად აიკრძალება. ქვეყნის მთავრობამ პიროტექნიკის კერძო გამოყენების აკრძალვას საბოლოო ფორმა მისცა, რითაც მრავალწლიანი კამპანია დასრულდა.

აკრძალვას წლების განმავლობაში ითხოვდნენ ექიმები, საგანგებო სამსახურები და სოციალური ორგანიზაციები. მათი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ახალი წლის ღამეს ფეიერვერკების ტრადიციული გამოყენება ყოველწლიურად იწვევდა ასობით დაშავებას და მილიონობით ევროს ზარალს კერძო ქონებისთვის.

თავდაპირველად, მთავრობა გარკვეულ გამონაკლისებს უშვებდა – მაგალითად, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და კლუბებს შეეძლოთ პიროტექნიკის გამოყენება სპეციალურ ღონისძიებებზე. თუმცა ახალი წესით აკრძალვა ყველას შეეხება – როგორც კერძო პირებს, ისე ორგანიზაციებს.

ფეიერვერკების აკრძალვას ნიდერლანდების მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, გადაწყვეტილებას მოქალაქეების დაახლოებით 75% ეთანხმება.

მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია არა მხოლოდ ადამიანების უსაფრთხოებამ, არამედ ცხოველებისა და გარემოს დაცვამაც. კვლევების მიხედვით, ახალი წლის ღამეს ფეიერვერკების ხმაური განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს შინაურ ცხოველებზე – ძაღლების მფლობელების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ მათი შინაური ცხოველი პიროტექნიკის ხმაურისგან ისტრესება.

ფეიერვერკები საფრთხეს უქმნის ფრინველებსაც. მეცნიერების დაკვირვებით, ახალი წლის ღამეს ბევრი ფრინველი ტოვებს ღამის სამყოფელს და 15-20 კილომეტრით გადაადგილდება, ზოგი კი ასობით კილომეტრს გადის. ხმაურის გამო ისინი დაახლოებით ორი საათით ნაკლებს ისვენებენ და შემდეგ დამატებით ენერგიას ხარჯავენ საკვების მოსაძებნად.

გარდა ამისა, პიროტექნიკის აფეთქებისას ჰაერში გამოიყოფა მიკრონაწილაკები, პერქლორატები და მძიმე მეტალები, რომლებიც აბინძურებს ჰაერს, ნიადაგსა და წყალს და უარყოფითად მოქმედებს ეკოსისტემაზე.

ნიდერლანდები შეუერთდა ევროპის იმ ქვეყნების მზარდ სიას, რომლებიც ცდილობენ ფეიერვერკების გამოყენების შეზღუდვას უსაფრთხოების, ხმაურისა და გარემოსდაცვითი პრობლემების გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები