ამსტერდამში და ჰარლემში დაიწყეს ახალი ტიპის სპორტული მოედნების გამოცდა, რომელთა საფარიც ზაფხულის სიცხეში ნაკლებად გადახურდება. ახალი ტექნოლოგიები წვიმის წყლის დაგროვების სისტემაზეა დაფუძნებული. ეს სისტემა უშუალოდ მოედნის საფარის ქვეშ მდებარეობს და ზედაპირის ტემპერატურის შემცირებას უზრუნველყოფს.
NL Times-ის ინფორმაციით, პრობლემა საკმაოდ აქტუალურია – ტრადიციული ხელოვნური საფარი ზაფხულის სიცხეში 70 გრადუს ცელსიუსამდეც კი თბება, რაც ვარჯიშებისა და თამაშებისთვის საშიშ გარემოს ქმნის. კლიმატური ცვლილებების გამო ასეთი სიცხეები უფრო გახანგრძლივდა, რის გამოც ქალაქები ცდილობენ გამოსავლის პოვნას, რათა სპორტით დაკავება წელიწადის ნებისმიერ დროს კომფორტული და უსაფრთხო იყოს.
პროექტის ფარგლებში, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 270 მოედნის განახლება იგეგმება. ძველი მოედნების ნაწილი რეაბილიტაციაში მოხვდება, ნაწილზე კი სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა აშენდება. უკვე 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება სამი საცდელი მოედანი: ორი – ამსტერდამში, ერთი – ჰარლემში. წარმატების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნოლოგია სრულ მასშტაბიან სპორტულ მოედნებზეც დაინერგება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი მოედნების ნაწილი შესაძლოა ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებდეს, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაოები ჯერ პროცესშია.