ნიდერლანდელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეული, რომელიც აქამდე ჯერ აღმოჩენილი არ იყო. ეს მიგნება უტრეხტის უნივერსიტეტის ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა გააკეთა.
კვლევა ამჟამად სხვა მეცნიერთა მხრიდან რეცენზირების პროცესშია და ხელმისაწვდომია ონლაინპლატფორმა BioRxiv-ზე.
მკვლევარების განცხადებით, მათ მიერ ნაპოვნი ანტისხეული ახდენს ვირუსის ნეიტრალიზებას და გვთავაზობს როგორც COVID-19-ის, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის ქვეგვარის ვირუსების მიერ გამოწვეული სხვა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის პოტენციალს.
უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი ამბობს, რომ ამ აღმოჩენამ შეიძლება მიგვიყვანოს ანტივირუსული პრეპარატის შექმნამდე.

„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს გახლავთ პირველი ანტისხეული, რომელიც ინფექციას ბლოკავს, მსგავსი აღმოჩენა ძალიან იშვიათია“, -განმარტავს გროსველდი.
როგორც მეცნიერი ამბობს, ისინი ახლა ეძებენ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ამ ანტისხეულის ფართომასშტაბიან, პრეპარატის სახით წარმოებას შეძლებს.
“ამ აღმოჩენის წყალობით, შეიძლება შეიქმნას მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის ამჟამინდელი შტამით ინფიცირებულ ადამიანთა სამკურნალოდ გამოვიყენებთ. მისი შექმნა ვაქცინაზე სწრაფად არის შესაძლებელი, მაგრამ ესაჭიროება რამდენიმე თვის განმავლობაში ტესტირება და ამავე დროს, მისი წარმოება ვაქცინაზე უფრო ძვირი იქნება,”-ამბობს მეცნიერი.
