LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდური სტარტაპი მოტოციკლეტის სტილის დასაჯდომი პოზიციის მქონე სუპერქარს შექმნის

109
1428x1428

ნიდერლანდურმა სტარტაპმა Sanrivatti-მ ახალი სუპერქარის პროექტი დააანონსა, რომელიც სპორტული ავტომობილების ტრადიციულ კონცეფციას ცვლის. კომპანიის იდეით, მძღოლი ავტომობილში ჩვეულებრივ მჯდომარე პოზიციაში კი არა, ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში, თავით წინ განთავსდება – იმგვარად, როგორც სუპერ-მოტოს მძღოლები მოძრაობენ.

პროექტს ინჟინერი სანტიაგო სანჩეს რივერო ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ავტომობილის შექმნის პროცესი განსხვავებული მიდგომით დაიწყეს – კონსტრუქცია შასისა და ძრავის გარშემო არ იქმნება. პირველ რიგში, კომპანია ადამიანის სხეულის ანატომიას, წონასწორობას, სხეულის პოზიციასა და მოძრაობის თავისებურებებს სწავლობს, რის შემდეგაც ავტომობილის დიზაინს ამ მონაცემებზე ააგებს.

Sanrivatti-ის განცხადებით, ასეთი კონცეფცია მძღოლს გზასთან უფრო მეტად დააკავშირებს და მართვის სრულიად ახალ შეგრძნებას შესთავაზებს.

კომპანია ასევე გეგმავს, რომ მძღოლის ადგილი და მართვის ორგანოები სალონის ცენტრში განთავსდეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა ავტომობილი მოტოციკლის მსგავს მართვის სისტემას თუ ტრადიციულ საჭეს.

სტარტაპს სუპერქარის ძრავისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუმხელია. კომპანიის ცნობით, პროექტის დამატებითი დეტალები უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები