22 მაისს, უშბაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ცნობილი მთამსვლელი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი ექსპედიციის დროს სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.
მომხდარის შესახებ Ambebi.ge-სთან საუბრობენ ნიკოლოზ ფალიანის მეგობრები და კოლეგები. მეგობრების თქმითვე, ნიკოლოზი ივნისში პირველ შვილს ელოდებოდა.
ლაშა ფირცხელანი:
„ნიკო იდეალური მეგობარი იყო, რთულია ჩემთვის საუბარი… გუშინ მასთან ერთად არ ვყოფილვარ, წინა კვირაში ვიყავი იმავე მარშრუტზე. მთაში ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, არავინაა ამისგან დაზღვეული… ნიკო მთამსვლელი იყო და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი, მოთხილამურე, ოქრო ბიჭი და უმაღლესი ადამიანი. ლაშა მალე 30-ის გახდებოდა, მას 5 და-ძმა ჰყავს (მასზე უმცროსები) და ყველას პატრონობდა. ნიკო ძალიან გამოცდილი იყო, თუმცა დაზღვეული არავინ ვართ, მთაში, მწვერვალებზე დიდი რისკია და როცა მივდივართ, იმასაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება უკან ვერ დავბრუნდეთ. ნიკოს „რედბულის“ – საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები ჰყავდა, მათი ეგიდით სარეკლამო რგოლს იღებდნენ, რისთვისაც უშბიდან უნდა დაშვებულიყვნენ. ნიკო და 3 სტუმარი უშბაზე იყვნენ ასული, ნიკოს ძმა და ოპერატორების ჯგუფი კი – საბაზო ბანაკში. უბედური შემთხვევა უშბის კალთებზე (ასეთი მარშრუტია – კოკინი, უშბის უნაგირის უძახიან და იქიდან დაშვების დროს) მოხდა, რთული მონაკვეთია. ნიკო 15 წელია, ამ სპორტშია, იცოდა ენები, ერთად გავიარეთ სამთო გიდების სკოლა. როგორც მეგობარი, იდეალური იყო, მეგობარზე მეტი… ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს.
შაკო მარგიანი:
„მე და ნიკო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მეგობრები და კოლეგები ვართ საქართველოს სამთო გიდების ასოციაციაში. როგორც გავიგეთ, ყინულის ნატეხზე წამოედო თხილამური, რამაც ნიკოს კონტროლი დააკარგვინა. იქ დაახლოებით 45 გრადუსის ფერდია, სადაც ზურგით თუ დაეცი, ნულია შანსი, ვერ შემოტრიალდები, მიდიხარ, ეშვები. ასე დაემართა ნიკოს, გასძვრა თხილამურიც და ჩაფხუტიც, დაახლოებით 350 ვერტიკალი იფრინა, რაც სიგრძეში დაახლოებით 800 მეტრამდეა. გადარჩენის შანსი არ იყო. ნიკოს „რედბულის“ ათლეტები ახლდა, რომლებიც სამთო სპორტში მსოფლიოში ყველაზე გამოცდილები არიან (შვეიცარია-ავსტრიის ნაკრებია). ნიკოს 3 მოთხილამურე ახლდა, დანარჩენი ოპერატორები იყვნენ, რომლებიც ფერდიდან იღებდნენ სრიალს, მათ ნიკოს ძმა – ზურა ახლდათ, რომელიც ოპერატორების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ძმამ საკუთარი თვალით უყურა ამ ყველაფერს“, – უთხრა შაკო მარგიანმა Ambebi.ge-ს.
შეგახსენებთ, ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა.