თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.
სხდომას ძმები კაკულიები დისტანციურად ესწრებოდნენ. როგორც საქმის მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა აღნიშნა, ბრალდებულებს არ სურდათ ფიზიკურად დასწრებოდნენ სხდომას.
ძმებ დავით და გურამ კაკულიების წინა სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებული ბესარიონ ჟვანია თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და შესაბამისად, უკვე მიმალულად ითვლება. მისივე თქმით, ჟვანია გამოძიების ფარგლებში რამდენჯერმეა გამოკითხული და თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული ჩვენება აქვს მიცემული.
პროკურატურის შეფასებით, აღნიშნული გარემოებები მიუთითებს გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკზე, რადგან ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მტკიცებულებებზე ან მოწმეებზე ზემოქმედების მიზნით.
გია შაიშმელაშვილის თქმით, ბესარიონ ჟვანია დანაშაულის ჩადენის პერიოდში იმყოფებოდა ნასამართლეობის მდგომარეობაში. პროკურორის განმარტებით, იგი ახალი გათავისუფლებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, როდესაც, ბრალდების ვერსიით, ახალი დანაშაული დაგეგმა — „ზაფხულში გათავისუფლებულმა, სექტემბერში განზრახ მკვლელობა დააორგანიზა“.
დაცვის მხარის განცხადებით კი, ბრალდების მხარეს დღემდე არ წარმოუდგენია არცერთი ღირებული და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამივე ბრალდებულიდან რომელიმეს შემხებლობას აღნიშნულ დანაშაულთან.
