საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა დასკვნით ეტაპზეა. პროცესი უკვე ორი წელია, გრძელდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე მასსა და ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველ აუდიო და ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სასამართლო პროცესები ღიაა, დაიხურა სხდომის მხოლოდ ის ნაწილი, რა დროსაც მსჯელობა უნდა ყოფილიყო ყოფილი წყვილის არასრულწლოვან შვილზე.
სხდომაზე ნელი დოროყაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეომასალას აჩვენებენ, რომელიც მან გამომძიებლებს გამოძიების ეტაპზე წარუდგინა.
ვიდეოში დოროყაშვილი გამომძიებელს უყვება, რომ ამერიკაში, როცა მან ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩააკითხა, მასზე იძალადა.
„თმაშიც მწვდა, რამდენიმე დარტყმა იყო, ეს ვიდეო გადავიღე, რადგან დიდხანს გაგრძელდა ძალადობა. იმდენად აფექტში იყო, ტელეფონი რომ მეჭირა, ვერც ხვდებოდა, მაგრამ მეშინოდა”,– განაცხადა დოროყაშვილმა გამომძიებელთან.
ვიდეოჩანაწერში რამდენიმე წამით ჩანს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ისმის ნელი დოროყაშვილის ტირილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოში განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დორიყაშვილი არასამთავრობის მიერ იყო დარიგებული, რომ ეს სიტყვები ეთქვა.
“წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობიებისგან რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო. ვიდეოს მომიშვერდა რატომ მცემო, ეს იყო დაგეგმილი წლების განმავლობაში, რომ ეფექტური ყოფილიყო”, – განაცხადა ბასილაშვილმა პროცესზე.