LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბურჯანაძე – გადატრიალებას ყველა იმიტომ კი არ ერიდება, რომ ვინმეს რამის ეშინია, უბრალოდ ქვეყანას ვუფრთხილდებით

506
ნინო ბურჯანაძე

განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ დეპოლარიზაციაზე გააკეთა, დაგვიანებულია, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„დაგვიანებულია, რადგან ჩვენ ყველამ დავინახეთ ის, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. მეტიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თავისი განცხადებებით, მოქმედებებით და პასიურობით, იმით, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აქტიურობდა, ჩვენ ეს შანსი გადაგვივადა. როდესაც ერთი დღით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეძახი ავადმყოფებს, უსუსურებს, არარაობებს და ამბობ, ექიმი სჭირდებათ, მეორე დღეს კონსოლიდაციასა და დეპოლარიზაციაზე ლაპარაკი უბრალოდ, არანაირად არ ჩანს, რომ გულწრფელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ის აბსოლუტურად უჭერს მხარს იმ აქციებს, რომელიც ახლა რუსთაველზე იმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციებში მონაწილეობენ საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები ძალიან ბევრი და პრაქტიკულად, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ახალგაზრდა ნამდვილად არ მინახავს მიტინგზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს აქციები სწორედაც, არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ არ არის ორგანიზებული და ეს არის სწორედ საზოგადოებისა და ახალგაზრდების ინიციატივა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის ასევე ემხრობა მოთხოვნას, რომ მოქმედი მთავრობა უნდა წავიდეს, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა აღარ იყოს.

„რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ვერც იმის პრობლემას ვხედავ, რომ იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ. იმიტომ, რომ ეს იქნება ხანმოკლე პერიოდის მთავრობა და ეს არის სრულიად ნათელი. მან უნდა მოამზადოს არჩევნები. იმიტომ, რომ გადატრიალებას ხომ არავინ არ აპირებს?! ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს. ტექნიკურმა მთავრობამ არჩევნები უნდა მოამზადოს, ჩაატაროს ნორმალური არჩევნები და არჩევნების შემდეგ, როდესაც საზოგადოება გამოვა, უკვე თავისუფალ არჩევნებში გადაწყვეტს, რომელ პარტიას მეტი ხმა მისცეს და რომელ პარტიას ნაკლები. ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციები. გადატრიალებას ყველა იმიტომ კი არ ერიდება, რომ ვინმეს რამის ეშინია, უბრალოდ ქვეყანას ვუფრთხილდებით და ძალიან კარგად გვესმის ის, რომ კიდევ ერთი გადატრიალება, კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება და კიდევ ერთი დიდი არეულობა ქვეყნისთვის იქნება დამანგრეველი, მაგრამ ამაზე პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g