ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ნოემბრის ბოლოსთვის გადაიდო. ამის შესახებ „ფორტუნას“ გოგი თოფაძემ განუცხადა.
„რატომ გადაიდო, ამის კითხვა რაღა საჭიროა. ფაქტია, დედამისს ასე სურს. დახმარება ბიძინა ივანიშვილსაც კი სთხოვა. უნდა, საერთოდ არც ერთი წელი არ გაატაროს მისმა შვილმა ციხეში. მაგრამ ასე არ მოხდება. ახალგაზრდა ბიჭია, ოჯახიც არ მოვითხოვთ, ბევრი მიუსაჯონ, მაგრამ დაუსჯელიც არ დარჩება“, – აცხადებს გოგი თოფაძე ჩვენთან საუბარში.
მისი თქმით, მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უარყოფითია და ორ თვეში აპირებს, რომ სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს საკუთარ სახლში დაჭრეს. ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.