LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუსა, კუს ტბაზე არ ახვიდე, ძაღლები არიან”, – ნიკო კვარაცხელიას საქმეში არსებული ჩვენებების სკანდალური დეტალები, რომელშიც ზურაბ ჟვანიას ვაჟიც ფიგურირებს

10463
busa Jvania niko kvaracxelia

„ტვ პირველმა“ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის ახალი ფაილები მოიპოვა. ნიკო კვარაცხელიას სასტიკი მკვლელობის ხუთტომიან საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება – საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

დოკუმენტებით დგინდება, რომ ბუსა ჟვანიას მკვლელობაში ბრალდებულებთან ძალიან ახლო კავშირის ჰქონდათ.

მათი ინფორმაციით, ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ნიკოს მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ, ბრალდებულებმა დაურეკეს და სათქმელი მინიშნებებით უთხრეს.

მათვე გაასაჯაროვეს ე.წ. ოქროს მოწმის, თბილისელი ტაქსის მძღოლის, 65 წლის ვლადიმერ არუთინოვის ჩვენება.

ირკვევა, რომ 15 სექტემბერს, დღის 16:30 საათზე არუთინოვი ორმა ახალგაზრდამ ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა და გურამიშვილის გამზირის მიმართულებით წასვლა თხოვა. ეს ორი ახალგაზრდა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაზე იყვნენ.

მისი თქმით, ორივე ახალგაზრდა უკიდურესად აღელვებული იყო. მათ ტაქსის მძღოლს ელიავას ბაზრობიდან სანზონაში გადაყვანა სთხოვეს. თან ჰქონდა შავი ჩანთა. ორივე უკიდურესად ხმადაბლა უკანა სავარძელზე იჯდა და ერთმანეთთან დაძაბული საუბარი ჰქონდა.

ირკვევა, რომ კავილაძემ და ჭელიძემ ტაქსის მძღოლს მობილური ტელეფონი სთხოვეს. ზარი ტაქსიდან ექსპრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილის ბუსა ჟვანიას ნომერზე განხორციელდა.

ტაქსის მძღოლი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ კარგად გაიგო, რა უთხრეს ადამიანს რომელსაც ნიკოს მკვლობაში ბრალდებულები მისი მობილურად ურეკავდნენ.

მე ჩემს უკან მჯდომმა გამომართვა ტელეფონი. მთხოვა, რომ დარეკავდა და დამიბრუნებდა. ვიღაცას ელაპარაკებოდა და უთხრა „ბუსა რომ იცოდე კუს ტბაზე არ ახვიდე, ფრთხილად იყავი, ძაღლები არიან”- უთხრა გამოძიებას ვლადიმერ არუთინოვმა 16 სექტემბერს 00:55 საათზე.

“შაბათის ეთერმა” გაარკვია ისიც, რომ თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში ე.წ. ოქროს მოწმის ტელეფონიდან გამავალი ზარებიც ამოიღეს და გადაამოწმეს. დადასტურდა, რომ ნომერი, სადაც ნიკოს მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ბრალდებულმა გიორგი კავილაძემ დარეკა, ბუსა ჟვანიას სახელზეა გაფორმებული ექსპრემიერის შვილის მფლობელობაშია.

მიუხედავად ამისა, ბუსა ჟვანია პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს.

ბუსა ჟვანიას ნიკოს მკვლელობის საქმეში მხოლოდ ტაქსის მძღოლის ჩვენებაში არ ჩანს, კიდევ ერთი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ნიკოს მკვლელობამდე რამდნიმე კვირით ადრე, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სომხეთში ცნობილი ე.წ. კანონიერ ქურდ დავით კაკულიას შვილებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. მათ საკუთარი ავტომობილი ბუსა ჟვანიამ გადასცა და თბილისიდან ერევანში სწორედ ჟვანიას “იაგუარით” იმგზავრეს. ამ ჩვენებას გამოძიებას, ბუსას მეგობარი მაქსიმე რამიშვილი აძლევს.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, პოლიციას ხელთ აქვს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი მონაცემები რომლითაც დგინდება, რომ სომხეთში კავილაძე და ჭელიძე ნამდვილად ჟვანიას მანქანით იყვნენ, თუმცა გომელაურის უწყებას ის ამჯერადაც არ დაუბარებია.

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა, ნიკოს მკვლელობიდან ერთ კვირაში საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, ამის შემდეგ ბუსა ჟვანია საქართველოში აღარ დაბრუნებულა.

შსს რომ ნიკო კვარაცხელიას საქმის ძიებას რომ აჭიანურებს ამას კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს – ამ დრომდე მკვლელობის სავარაუდო დამკვეთებისთვის ბრალი არავის წარუდგენია. არადა პროკურატურას ნიკოს მკვლელობიდან სამ დღეში “კანონიერ ქურდ” დავით კაკულიას შვილების დათი და გუგუნა კაკულიების წინააღმდეგ შესახებ არაერთი ჩვენება ჰქონდათ.

გამოძიებასთან ითანამშრომლა მაქსიმე რამიშვილმა – ის ერთ ერთია, რომელმაც მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე სოხეთში ძმებ კაკულიებთან 17 აგვისტოს მისი მეგობრის არჩილ აბრამიშვილის ავტომობილით ჩაიყვანა.

2021 წლის 17 აგვისტოს მე უნდა წავსულიყავი სომხეთში, კერძოდ ერევანში ჩემს სამსახურებრივ საქმეზე, თუმცა მეორე მიზეზიც ჰქონდა სომხეთში გამგზავრებას – მე დიდი ხნის უნახავი მეგობრები გუგა იგივე (გურამ) და დავით კაკულიები უნდა მენახა. ეს ამბავი რომ გაიგო გიორგი კავილაძემ მთხოვა, რომ სომხეთში აკო ჭელიძე გამომყვებოდა, ვინაიდან ის უნდა დახმარებოდა ძმებ კაკულიებს სომხეთში საცხოვრებელი ადგილის შეცვლაში.

მე აღნიშნულზე დავთანხმდი და წავედით სომხეთის მიმართულებით, ჩემი მეგობრის არჩილ აბრამიშვილის ავტომობილით. ჩავედით ერევანში, სადაც ძმებ კაკულიებს შევხვდით.წავიყვანეთ ისინი ახლა საცხოვრებელ მისამართზე და ჩემი პასპორტის გამოყენებით ვუქირავეთ ახალი ბინა. ბინის ფილი კაკულიებმა მომცეს და მეპატრონეს გადავუხადე. პარალელურად სამსახურებრივ შეხვედრებზე დავდიოდი და ამ პერიოდში მე ძმებ კაკულიებთან და აკო ჭელიძესთან ერთად ვცხოვრობდი”- ნათქვამია ჩვენებაში.

“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მკვლელობაში ბრალდებულები ძმებმა კაკულიებმა სომხეთში 27 აგვისტოსაც დაიბარეს, სადაც სავარაუდოდ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა საბოლოოდ გადაწყდა.

ნიკოს მოსაკლავად აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს წუთნახევარი და 7 ტყვია დასჭირდათ. ამ დრომდე ეძებენ დანაშაულის იარაღს, თუმცა მანქანაში, სადაც პოლიციას პისტოლეტი ეგულებოდათ ჩხრეკის დროს, პიცა, გაზიანი სასმელები და ყავის ჭიქები იპოვეს. სწრაფი კვების მიტანის სერვისი მათ ანჯაფარიძის ქუჩაზე იქამდე გამოიძახეს, ვიდრე ნიკო კვარაცხელიას სახლთან იყვნენ ჩასაფრებული და მსხვერპლს ელოდნენ.

ნიკოს მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციამ 19 დღის შემდგ, წყნეთში ძმებ კაკულიების დედის სახლიდან რამდენიმე მეტრში მდებარე სახლში დააკავეს. ​ოთახებში ჩხრეკაზე შესულმა პოლიციამ სახლში ვერაფერი იპოვა.

გამოძიებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩანთა, რომლიც დაკავების ოპერაციის დროს გაქცევისას სავარაუდოდ ეზოში ერთ-ერთ ბრალდებულს დაუვარდა. ჩხრეკისას პოლიციიამ შავ ჩანთაში სახარება, პირადი ნივთები და “დოსტოევსკის მოთამაშე” აღმოაჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები