ნიუ-ჯერსის ბიბლიოთეკაში 101 წლის წინ გატანილი წიგნი დააბრუნეს. ამის შესახებ სააგენტო UPI წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარი უილიამ შექსპირის „ჰენრი მეხუთის ცხოვრებაზეა“, 1910 წლის გამოცემაზე, რომელიც სულ რამდენიმეა შემორჩენილი და კოლექციონერთა შორის საკმაოდ ძვირად ფასობს.
ეს წიგნი ვინმე არლინ დელეიმ ბიბლიოთეკიდან 1923 წელს გამოიტანა და როგორც ჩანს, უკან დაბრუნება სულ გადაავიწყდა. ქალბატონი არლინი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და უნიკალური გამოცემა მისმა შვილიშვილმა ბებიის ნივთებში იპოვა.
გოგონა ბიბლიოთეკას დაუკავშირდა და წიგნის მიტანა შესთავაზა. ბიბლიოთეკარები სასიამოვნო შოკში აღმოჩნდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებს უთხრეს, მსგავს სიტუაციაში ცხოვრებაში პირველად არიან, თუმცა წიგნების დაბრუნება გვიანი რომ არასდროსაა ამასაც აზუსტებენ.