LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილი სვანი“ და ცხენოსანი – ახალი ომბუდსმენის ქონებრივი დეკლარაცია და მეუღლე, რომელიც პირველი სიყვარულია

1356
ფორტუნა - 2023-03-07T142205.557

7 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. არც ერთ დეპუტატს იოსელიანის წინააღმდეგ ხმა არ მიუცია. სამმა დეპუტატმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

ლევან იოსელიანი, რომლის კანდიდატურა პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ წარადგინა, ამ თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. ამავე სხდომაზე მას შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება.

„ყველა ჩემი ქმედება, ყველა ჩემი განცხადება იქნება მიმართული ადამიანის უფლებებზე. ადამიანების უფლებების ზედამხედველობაზე და რაც მთავარია, რაზედაც უამრავი კითხვა იყო დასმული – ვიქნები თუ არა ნეიტრალური და მიუკერძოებელი, სწორედ ჩემი საქმიანობის მომავალო 6 წელი იქნება იმის დამტკიცება, რომ ვიქნები მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, ამაზე მეტს ვისაუბრებ მას შემდეგ, რაც შევუდგები ჩემს საქმიანობას“, – განაცხადა იოსელიანმა სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ.

ლევან იოსელიანი 1978 წლის 20 ივნისს დაიბადა.

1995 წელს დაამთავრა თბილისის №1 ექსპერიმენტული სკოლა. 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. იოსელიანს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გავლილი აქვს ზოგადი მენეჯმენტის კურსი.

1999–2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ იურისტი. 2000–2001 წლებში იყო „თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტი. 2001–2008 წლებში იყო იურიდიული კომპანია „ასლანიშვილი და იოსელიანის“ დამფუძნებელი, პარტნიორი და მთავარი იურისტი. 2008–2016 წლებში დააარსა „ლევან იოსელიანის“ იურიდიული კომპანია. 2018 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა“.

44 წლის ასაკში მე-10 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის მანდატი ჩაიბარა.

2021 წლის 4 თებერვლიდან ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ჰყავს მეუღლე თეა ნასარიძე და სამი შვილი.

ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეგობრები მას ნამდვილ სვანს ეძახიან.

„უანგარო, გულუბრყვილო, მაგრამ პრინციპული და შეუვალი“. – ასე ახასიათებენ მეგობრები იოსელიანს.

მეგობრები ასევე ამბობენ, რომ მეუღლის ერთგულია, პირველად ვინც შეუყვარდა, ცოლადაც ის მოიყვანა და მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული და სიმპათიურია, ცოლი არასდროს ეჭვიანობს. ენდობა და იმიტომ. მეგობრები ხაზგასმით ამბობენ, რომ ლევან იოსელიანის ცხოვრების ყველაზე ლამაზი მოგონება სწორედ მისი ქორწილის დღეა.

 

 

როგორც ლევან იოსელიანი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, პოლიტიკაში სრულიად შემთხვევით მოხვდა. ამ სფეროს მიმართ ინტერესი არასდროს ჰქონია.

„ალეკო ელისაშვილმა „ჩამითრია“ ამ ამბავში. როდესაც საკრებულოს დეპუტატობაზე გადაწყვიტა კენჭისყრა, აზრი მკითხა. მოვუწონე იდეა და აღვუთქვი, რომ დავეხმარებოდი. გავხდი კიდეც მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. 2014 წლიდან ყოველთვის მის გვერდით ვიდექი, როგორც იურისტი, მაგრამ არასდროს მიფიქრია, მეც ჩავრთულიყავი პოლიტიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ალეკომ „სამოქალაქო მოძრაობის“ დაფუძნება გადაწყვიტა, მთხოვა, მთაწმინდის ოლქში მეყარა კენჭი. კარგად ვიცნობდი ალეკოსაც და მის ღირებულებებსაც, ეს გამოწვევა მივიღე.“ – ამბობს იოსელიანი 2021 წელს ჟურნალ „გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

 

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ძმამ მას 7 100 ლარი აჩუქა.

იოსელიანს 2022 წელს თბილისში საირმის ქუჩაზე შეძენილი აქვს 201 კვ.მ ბინა 126 000 დოლარად. მის მეუღლეზე კი, რეგისტრირებულია 2020 წელს სოფელი კიკეთში 1398 კვ.მ მიწის ნაკვეთი 62 000 დოლარად.

ჰყავს 2013 წელს 20 ათას დოლარად შეძენილი Toyota RAV4, გასულ წელს ის ერთჯერადად ტრენერადაც მიიწვიეს, რაშიც 1025 ლარი მიიღო.

დეკლარაციის შევსებისას იოსელიანს სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 9 115 ლარი და 375 დოლარი. თეა ნასარიძეს შემნახველ ანგარიშზე 1130 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე კი, 5 629 ლარი და 998 ევრო ჰქონდა.

2022 წლის დეკლარაციაში კი ლევან იოსელიანს მითითებული აქვს 700 დოლარად შეძენილი სკუტერი. ამავე წლის დეკლარაციაში მითითებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღი HK USP Compact, რომლის ღირებულებაც 3 500 ლარია. ლევან იოსელიანმა ის მეგობრისგან მიიღო საჩუქრად.

2022 წლის დეკლარაციაში ასევე მითითებულია შვილების სწავლის საფასური.

კონსტანტინესა და ნიკოლოზის სწავლის საფასური მას 4300- 4300 ლარი დაუჯდა, ანა სწავლაში კი მან 4000 ლარი გადაიხადა. (აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკლარაციიდან ეს მონაცემები 2023 წლის დეკლარაციაში აღარ მოხვედრილა)

 

 

ლევან იოსელიანი სტუდენტობის დროს დაოჯახდა. მისი მეუღლე თეა ნასარიძეც იურისტია. ლევანი და თეა სკოლაში და უნივერსიტეტშიც ერთად სწავლობდნენ.

 

 

უფროსი შვილი – ანა უკვე 22 წლისაა. კოტე 18-ის, ხოლო ნიკუშა 12 წლისაა.

როგორც ლევანი ამბობს, შვილებისთვის უფრო მეგობარია, ვიდრე მამა.

დაკავებულია სპორტის სხვადასხვა სახეობით.

 

 

„საბურთალოს ქუჩაზე, იპოდრომთან ახლოს გავიზარდე. შესაბამისად, მთელი ბავშვობა იპოდრომზე მაქვს გატარებული. ძალიან მიყვარდა ცხენები.. ეს სიყვარულიც მარადიული აღმოჩნდა. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ცხენი ვიყიდე და ცხენოსნობა ერთ-ერთ მთავარ პროფესიად გავიხადე. 15 წელია უკვე, ამ სპორტით ვარ დაკავებული. შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობ. ჩემი ყოველი დილა ვარჯიშით იწყება. 7 საათზე უკვე იპოდრომზე ვარ, ვვარჯიშობ და შემდეგ მივდივარ პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად“. – ამბობს იოსელიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

სახალხო დამცველად არჩევამდე ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ის ვერ გახდებოდა „ვერც ლომჯარია, ვერც ბურჯანაძე და ვერც ჯანეზაშვილი“, რადგან იყო არის და იქნება ლევან იოსელიანი.

„ჩემი არჩევის შემთხვევაში ნამდვილად ვერ გავხდები ვერც ლომჯარია, ვერც ბურჯანაძე და ვერც ჯანეზაშვილი“ – ლევან იოსელიანი გვარამიას, დეკანოიძეს და წითლიძეს პასუხობს

საქართველოს სახალხო დამცველი 1997 წლიდან ჰყავს და ამ დრომდე 6 სახალხო დამცველი ჰყავდა.

პირველად ეს თანამდებობა დავით სალარიძემ დაიკავა.

საქართველოს სახალხო დამცველთა სია ასე გამოიყურება:

  • დავით სალარიძე: 1997 -2000 წლები.
  • ნანა დევდარიანი: 2000 – 2003 წლები.
  • სოზარ სუბარი:2004-2009 წლები.
  • გიორგი ტუღუში: 2009-2012 წლები.
  • უჩა ნანუაშვილი: 2012-2017 წლები.
  • ნინო ლომჯარია: 2017 -2022 წლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g