LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე: პირი, რომელმაც „TV პირველის“ ჟურნალისტზე იძალადა, სავარაუდოდ, „ოცნების“ მაღალჩინოსნის ნათესავია

260
ნოდარ მელაძე და ნატო გოგელია

„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადებით, პირი, რომელმაც ტელევიზიის ჟურნალისტზე იძალადა, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნის ნათესავია.

როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, არსებული ინფორმაცია ზუსტდება და „სავარაუდოდ, სწორედ ეს ნათესაური კავშირი გახდება ჟურნალისტზე მოძალადე და ევროკავშირის დროშის ჩამომხევი მამუკა ანდღულაძის თავისუფლების გარანტი“:

„არცერთი ადამიანი პასუხისგებაში არ არის მიცემული ბოლო თვეების განმავლობაში, იმის გამო, რომ ჟურნალისტებს ან საქმიანობაში ხელი შეუშალეს ან ფიზიკურად გაუსწორდნენ ან სხვა სახის ძალადობა განხორციელდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოძიებაც ამ შემთხვევაში არის ფასადური, ადამიანმა ევროკავშირის დროშის ჩამოგდებაში და შემდეგ მისი თანამოაზრეებისთვის დასაწვავად გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და ეს ადამიანი დაკითხვაზეც კი არ იყო დაბარებული.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი, რომელმაც „TV პირველის“ ჟურნალისტზე იძალადა,  „ოცნების“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფება, ახლა ვამოწმებთ ამ ინფორმაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნათესაური კავშირი მისთვის ხელშეუხებლობის გარანტია გახდება.“ – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ცნობისთვის, „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვში მოხდა. „TV პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს, ნატო გოგელიას „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი გაუსწორდა, რომელიც 14 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციაში, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს, ის ასევე მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები