LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „იცი, როგორი აზიატია ჩემი ამერიკელი ქმარი? ძალიან ეჭვიანია, ისეთი, როგორიც ჩემი ყოფილები არასდროს ყოფილან…“

4468
nukikoshklshvl

ნუკი კოშკელიშვილი „ნიჭიერის“ წამყვანია და ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, ამიტომაც როცა შეთავაზება მიიღო, ნიუ იორკში, მეუღლესა და შვილთან გასაფრენი ბილეთი გადაცვალა და საქართველოში დარჩა. ახლაც „ნიჭიერის“ გამო დაბრუნდა, რადგან ლაივკონცერტები დაიწყო.

ნუკი კოშკელიშვილი:

ჩემთვის „ნიჭიერი“ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი შოუ იყო, თუ არა ყველაზე სასურველი. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ეს პროექტი პირველად გავიდა ეთერში, ვოცნებობდი არა ჟიურის წევრობაზე, არამედ წაყვანაზე. ეს, მიმაჩნია, ბევრად უფრო ჩემია. აქტიური როლია, ხარ მონაწილეების გვერდით და არ გიწევს ვინმეს არჩევა. როდესაც შემომთავაზეს, ჩემს სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეში მივფრინავდი ნიუ იორკში, შევცვალე ბილეთი და „ნიჭიერის“ გამო დავრჩი საქართველოში. მანამდეც მქონდა უამრავი შემოთავაზება სხვადასხვა ტელეპროექტიდან, მაგრამ მათ გამო ფრენის გადადენას არც განვიხლავდი. „ნიჭიერმა“ გადამაწყვეტინა ეს. რომ ჩამოვდივარ, სულ არის ხოლმე შემოთავაზებები. არ წარმომედგინა, როგორ უნდა მეთქვა უარი „ნიჭიერისთვის“. ახლაც ჩამოსული ვარ მხოლოდ ამ პროექტისთვის. ვფიქრობ, ის ყველაზე კეთილი, მასშტაბური და ყველაზე გრანდიოზულია. თითოეულ ადამიანს აძლევს საშუალებას, და არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ტალანტს ფლობს, გამოვიდეს და მთელ ქვეყანას აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. ეს არის შანსი უდიდესი წარმატებისთვის. ამ პროექტის აზრი არის ძალიან მაგარი და განსაკუთრებულია, რომ მისი ნაწილი ხარ.

სულ მესმოდა იმ გუნდის შესახებ, რომელიც ამ პროექტს ქმნიდა. სულ ემსმოდა, მაგრამ არასდროს მქონია მათთან შეხება. რაც მსმენია, ზუსტად ის აღმოჩნდა, – ადამიანები, რომლებიც თავიდან ბოლომდე არიან დაკავებულები თავისი საქმით, იციან ის და კომფორტში გამყოფებენ, როგორც წამყვანს. ვფიქრობ, ეს პროექტის შედეგსაც ეტყობა.

მახსოვს, ნიუ იორკში ერთ დღეს პიასიარ ტესტზე წავედი, ცუდად ვგრძნობდი თავს, მეგონა, კიდევ ერთხელ კოვიდი დამემართა. ავტობუსში ვიჯექი, ვახველებდი და ისეთი ჩაცმული ვიყავი, რომ ხალხი გვერდზე იწეოდა. ჩემთვის ვფიქრობდი, მერე რა, რომ ასე ცუდად გამოიყურები, იციან ამათ, რომ „ნიჭიერის“ წამყვანი ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს?

სულ გაქვს სენტიმენტები საქართველოს მიმართ…

არ აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობ, საქართველო ჩემთვის ნომერი პირველი ქვეყანაა.

ნუკი, ხარ მეოჯახეც და წარმატებული ტელესახეც…

ვერ ვიტყვი, რომ ოჯახის სფეროში მაინცდამაინც წარმატებული ვარ. სულ ბავშვთან ვარ ნამდვილად, სახლსაც ვალაგებ და საჭმელსაც ვამზადებ, მაგრამ როცა ვუყურებ ჩემს რძალს, ბენის ძმის ცოლს, როგორი დალაგებული აქვს მას კარადა და მერე – როგორი მე, ჩემს მენიუში მხოლოდ 30 კერძი რომ არის და მის მენიუში – 235… ცოტა ნერვებს მიშლის ეს გოგო. ყველაფერი დალაგებული აქვს, თან მუშაობს, ბავშვები სულ დავარცხნილები ჰყავს, ამ დროს ჩემი შვილი სულ კედლებზე დადის (იცინის). ჩემთან მუდამ მიმწვარია საჭმელი. ბრინჯს ვერ ვხარშავ ისე, რომ არ მიმეწვას. აქედან დასკვნა, რომ ვერ ვარ მთლად წარმატებული მეოჯახე. დიასახლისობის რეიტინგში ათეულშიც ვერ მოვხვდებოდი, სამაგიეროდ, „ნიჭიერი“ ხსნის რეიტინგებს!!!. ამ რეიტინგში კარგად გვაქვს საქმე (იცინის).

ნუკი, „ნიჭიერში“ შენს ტალანტებსაც ავლენ, ხან ცეკვავ, ხან რას აკეთებ, ხან – რას… გქონდა მოლოდინი, რომ ამის საშუალება ფართოდ მოგეცემოდა?

სულ ეს მომენტი მაქვს – ველოდები, როდის დამირეკავენ პროდიუსერები და გვეტყვიან, რას ვაკეთებთ ამ კვირაში მე და ბახუტა. ყველა ეპიზოდი საინტერესო იყო ჩემთვის, ვერ გამოვარჩევდი.

წამყვანები ზოგჯერ მაინც არ თამაშობთ აღფრთოვანებას?

არც არავინ მოსულა და უთქვამს ჩემთვის, აღფრთოვანდიო. გამორიცხულია, რომ არ იყო აღფრთოვანებული. ეს ყველაფერი მოულოდნელად და შთამბეჭდავად ხდება. მე არასდროს მომიტყუებია ეკრანზე, ყველა ემოცია ნამდვილია.

ოჯახის წევრები გიყურებენ?

იქაც და აქაც ყველა უყურებს „ნიჭიერს“.

რძალიც?

უყურებს და ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ ახერხებს, რომ ყველაფერი აკეთოს და თან, ამ შოუსაც უყუროს სასწაული ქალია, ძალიან კარგადაც გამოიყურება. მიდი და არ აღფრთოვანდე. მასაც მოსწონს „ნიჭიერი“. შეუძლებელია, რომ ნიჭის მრავალფეროვნებას და სუპერშოუს არ უყურებდე.

ფიქრობ, რომ ეს ერთ დღეს დასრულდება?

არ მინდა ამაზე ფიქრი!!! 31 დეკემბერს ფინალია და აქ ვიქნები. კაცმა არ იცის, 2022-ში რა მოხდება. ჩემი გეგმები არასდროს ვიცი. ბილეთი მქონდა აღებული და დავაბრუნე, ახლა აქ ვარ და მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით.

ძალიან რისკიანი ადამიანი ხარ…

ყველაფერს ვრისკავ, გათხოვებიდან დაწყებული,  – რისკი იყო, ტელევიზიაში მუშაობის დაწყებაც, რადგან არ მქონდა ჟურნალისტის განათლება, გამოვუშვი საქართველოში პირველი დეკორატიული კოსმეტიკა. ასეთი არ არსებობდა და დიდი რისკი იყო ესეც…

შენ მერე რამდენიმე ცნობილმა სახემ ასევე გამოუშვა საკუთარი კოსმეტიკის ხაზი. როგორი შეგრძნება გქონდა?

ძალიან მაგარია, როცა პირველი ხარ და მერე ბევრი მოგყვება. თუ კარგს აკეთებენ, მაგას რა ჯობია. არ დამიტესტავს მათი პროდუქცია. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ კარგები. გამოვუშვით პირველი ქართული სუნამო, მამაკაცის და ქალის. ვცდილობ, შევადარო ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდებს და შემდეგ გავაკეთო მათი მსგავსი ხარისხის, ოღონდ დაბალ ფასად. ჩემმა მეგობარმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მითხრა, რომ ყველაფერს ჯობნის, რაც იქ შეუძენია და ეს სასიამოვნო კომპლიმენტია.

არაჩვეულებრივად გამოიყურები. მშობაირობის შემდეგ ფორმაში ჩადგომას დიდი ხანი მოანდომე…

რასაც მე ვცეკვავ, ვრეპეტიციობ, ვინ მაცლის რაიმეს ჭამას?! იცი, რა ფორმაში ვარ? 19 წლის ასაკში რომ არ ვყოფილვარ. ყველგან რაღაც ამეწია და ჩამეწია, სადაც საჭირო იყო (იცინის). ჩემს ქმარსაც უხარია, წადი, კიდევ წაიყვანე „ნიჭიერიო“.

მას როგორ მოსწონს პროექტში შენი მონაწილეობა?

ის, ზოგადად, ჩემი ძალიან დიდი მხარდამჭერია.

როგორ ფიქრობ, ქართველი პარტნიორისგან გექნებოდა ასეთი მხარდაჭერა?

როგორ არა?!. ყველა მაგას მეკითხება. იცი, როგორი აზიატია ეს შენი ამერიკელი? ძალიან ეჭვიანია, ისეთი, როგორიც ჩემი ყოფილები არასდროს ყოფილან… რადგან ამერიკელია, ამიტომ არ არის გამგები. უბრალოდ, ასეთი პიროვნებაა.

ეჭვიანობას როგორ უმკლავდებით?

საშინლად ვჩხუბობთ. ვერ ვიტან ეჭვიანობას. თავად არ ვარ ეჭვიანი, საერთოდ… იმდენად არ ვარ, რომ მგონი, პათოლოგიურია… ზოგჯერ ბენს უნდა, რომ ეჭვიანი ვიყო, მაგრამ მე მისი მჯერა…

დისტანციაზე ყოფნა კარგია?

ძალიან. უფრო გენატრება, სულ ერთმანეთში რომ ითქვიფებით, მერე ეს გადადის ჩხუბში. როცა შორდებით, სულ საკანფეტო პერიოდი გაქვთ. სულ სიტკბოში ხარ. მერე მოგბეზრდება, წახვალ, მერე ისევ გენატრება. სულ უგზავნი სიმღერებს, გინდა რომანტიკული საღამოები. შვიდი წელია, ერთად ვართ და სულ გვინდა რომანტიკა.

იმის მიუხედავად, რომ  შორიდან თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, საკმაოდ თვითკრიტიკული ხარ…

ვერ ვიტყვი, რომ თავდაჯერებული ვარ, მაგრამ სიახლეები მიყვარს. ახლა კიდევ ერთ რაღაცას ვაპირებ, მაგრამ ამ სფეროსთან აქამდე შეხება არ მქონია. რისკიანი ხარო, მკითხე და აი, ახლა გამოჩნდება კიდევ ერთხელ ჩემი რისკიანობა… მალე გაიგებთ სიახლეს ჩემგან!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი