კომპანიამ Chevrolet, ნურბურგრინგის სარბოლო გზაზე, ექსტრემალური მოდიფიკაციის Camaro-ს ტესტირება დაიწყო. პაპარაცებისთვის ეს ფაქტი შეუმჩნევლად არ დარჩენილა და ტესტირების ამსახველი ფოტომასალა ინტერნეტ სივრცეში განათავსეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Chevrolet Camaro-ს განახლებული ვერსია Trans Am-ის სახელით იქნება ცნობილი, რომელიც კომპანიის წარმოებაში 60-ანი წლების მიწურულს გამოჩნდა და სერიული სპორტული ავტომობილების დამატებითი საიდენტიფიკაციო სახელი გახლდათ. თუმცა, სახელის გარდა ჩვეულებრივი ვერსიებისგან განსხვავებით, Trans Am-ს 5.0 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი ძრავი იყო მოთავსებული. ამ სახელით სულ 602 მოდელია დამზადებული.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Chevrolet-ი ცდილობს ხელახლა ჩაუშვას წარმოებაში Trans Am, ჯერ კიდევ გასულ წელს, General Motors-ის ახალი პროდუქტების გლობალური დაგეგმარების უფროსმა მარ როისმა დაადასტურა. თუმცა, იმ დროისთვის დეტალები არ გაუხმაურებია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალი თაობის Trans Am Chevrolet Camaro Z/28 Sport-ის სერიული საიდენტიფიკაციო ინდექსი იქნება. ამ მოდელის პრეზენტაცია 2013 წელს შედგა, მისი სიმძლავრე 505 ცხენის ძალაა და 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით იმართება. ნურბურგრინგის სარბოლო გზა მან 7 წუთსა და 37 წამში განვლო, რაც Lexus LFA-სა და Mercedes-Benz SLS AMG-ზე უკეთესი მაჩვენებელია.
ამ დროისთვის ტესტირების რეჟიმში Zl1 ვერსიაა, რომელშიც მოთავსებულია 6,2 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი, ახალი თაობის კომპრესორიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 640 ცხენის ძალაა. რაც შეეხება Z/28-ს, როგორც მოსალოდნელი იყო, ატმოსფერული ძრავის მქონე მოდელი, მხოლოდ სტანდარტულ სერიულ წარმოებაში შგხვდებათ. სარბოლოდ კი Chevrolet-ის გუნდი ახალი თაობის ZL1-ს ამზადებს.