LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებამ” ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ჰგონიათ, რომ მიშელთან ურთიერთობა თამაშია – ვაშაძე

76
გიორგი ვაშაძე

“იმდენად დესტრუქციული პოზიცია ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, რომ ჩვენთან, ოპოზიციასთან, საერთო შეთანხმების დოკუმენტი, საბოლოო ვერსიასთან მიახლოებული ტექსტიც კი არ მოსულა”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მედიატორის ჩართულობით ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელი შეხვედრა შეაფასა

ვაშაძე ამბობს, რომ “ოცნებამ” ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ევროპულ კოლეგებთან დააყენა ისეთი პირობები, რომლებიც ევროპულმა მხარემ არასამართლიანად, ევროპულ და დასავლურ სტანდარტებთან მიუღებლად ჩათვალა:

“იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა “ქართული ოცნება”, რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი არ მოსულა. პარტიამ ისეთი პირობები დააყენა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ საერთოდ არც კი დაძრულა ეს საკითხი, იმდენად არასამართლიანად, ევროპულ და დასავლურ სტანდარტებთან მიუღებლად ჩათვალა ევროპულმა მხარემ ის დოკუმენტი და პოზიცია, რომელიც ჰქონდა “ოცნებას”.

ამით “ოცნებამ” აჩვენა, რომ მას ერთადერთი რამ აინტერესებს – ძალაუფლების შენარჩუნება. არ ფიქრობს საქართველოს ევროინტეგრაციაზე. მან ძალიან ცუდად გამოიყენა ამ პროცესში შარლ მიშელის სახელი და დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას”. – თქვა ვაშაძემ.

მისივე განცახებით, ყველა ის საკითხი, რომელიც პირველად დოკუმენტში ჩამოწერა შარლ მიშელმა და მას თანხმობა მისცა მმართველმა პარტიამ და რომელზეც მედიაციის მანდატი მედიაციის, უნდა ყოფილიყო აღნიშნულ დოკუმენტში:

“მაგრამ “ქართული ოცნების” პოზიციები, როგორც ჩანს, სრულად შეიცვალა და მათ ჰგონიათ, რომ შარლ მიშელთან ურთიერთობა თამაშია, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაც თამაშია და რაც მთავარია, მან ჩათვალა, რომ საქართველოს საზოგადოებას თავზე ნაცარი დააყაროს და მოატყუოს.” – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ვაშაძის განცხადებით, ის არ აპირებს შეეგუოს არსებულ ვითარებას და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დადგეს ნორმალური განვითარების გზაზე.

მან ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც მოყვება მოლაპარაკებების ჩაშლის პროცესს:

“მომავალ კვირაში ევროკავშირში ორი სხვადასხვა სხდომა იმართება, სადაც საქართველოს საკითხი იქნება განხილული, ასევე აშშ-ს სენატში დაგეგმილია თემა საქართველოსთან მიმართებაში.

არ არსებობს 0,01%-ც კი, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენმა მედიატორმა მხარემ ხელი გაიშვიროს ოპოზიციისკენ.

ჩემი აზრით, იქნება მძაფრი რეაქცია საერთაშორისო ასპარეზზე; ქვეყნის შიგნით ჩვენ გვექნება კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები; აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებას უკან დახევა.

თქვენ თვითონ ნახეთ მედიატორის განწყობა, რომ ჩამოვიდა. კაცი გაიქცა ქვეყნიდან… ახლა რომ ჩავა, ალბათ იტყვის, რა ევროკავშირი, ვის ველაპარაკებით, საერთოდ ვინ არის ხელისუფლებაში თქვენ წარმოდგენა გაქვთ? – დარწმუნებული ვარ, ასე ილაპარაკებს ის შეხვედრაზე”. – თქვა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუდანიელსონის თქმით, 6 პუნქტიდან მნიშვნელოვან პროგრესს მხოლოდ რამდენიმე საკითხზე მიაღწიეს.