LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ მთავარი ამოცანაა საერთაშორისო თანამეგობრობის მხოლოდ იმისთვის გამოყენება, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ: ნინო ბურჯანაძე

69
ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის ანულირებით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ნათლად დაგვანახა, რომ მათი მთავარი ამოცანაა ნებისმიერი მექანიზმით, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის, მხოლოდ იმისთვის გამოყენება, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ის კოლეგა ოპოზიციონერებს აფრთხილებდა კიდეც, რომ „ქართული ოცნება“ მათ ჩართულობასა და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას სათავისოდ გამოიყენებდა, რეალურად არაფერს შეასრულებდა და მხოლოდ შეეცდებოდა, საკუთარი იმიჯი გამოესწორებინა.

„სწორედ ასე მოხდა – დღეს გვითხრეს, რომ თურმე არჩევნები არ გაყალბებულა, არც ოქმები შეცვლილა, ყველაფერი თურმე იდეალურად იყო არჩევნებზეც და ყველაფერში ხელისუფლებამ დაადანაშაულა ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც, ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა,“ – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ დიქტატურაზეც წავა, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

„ტერმინებში ძალიან კარგად ვერკვევი და შესრულებულ დოკუმენტს ანულირებული არასდროს ჰქვია. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ეს დოკუმენტი არ შეუსრულებია, ამ ხელშეკრულების მართლა ანულირება მოახდინა და თქვა, რომ თუ ხასიათზე იქნება, შეიძლება 53%-ის შემთხვევაში  ვადამდელი არჩევნები დანიშნოს “, – განაცხადა ბურჯანაძემ.

პარტიის ლიდერის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია მედიის, ოპოზიციის და ნებისმიერი განსხვავებული აზრის განადგურება. ბურჯანაძის მოსაზრებით, ამის შემდეგ, შესაძლოა, მმართველმა ძალამ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუმცა, ამას რეალური აზრი აღარ ექნება.

„ჩემი აზრით, ადგილობრივი არჩევნების ნაცვლად, ოპოზიციამ ერთობლივად უნდა მოითხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. რეალური ოპოზიცია ვინც არის, ყველამ ყველანაირი განსხვავებულობის, წყენების და აღშფოთებების მიუხედავად, უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა და ვადამდელი არჩევნები მოვიპოვოთ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა დიქტატურას გადაურჩეს“, – დასძინა ნინო ბურჯანაძემ.

არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს: მამუკა ხაზარაძე

magti 5g