2025 წლის 22 აგვისტოს, ქმრის, ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის“, 25 წლის თეკლა გერსამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს.
27 მარტს, მორიგ სასამართლო სხდომაზე, გამოჰკითხეს ფსიქოლოგიური ექსპერტი, მარინა მათიაშვილი, რომელსაც საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ ფარული ჩანაწერი წარუდგინა.
თეკლა გერსამიასთან ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა პოლიციის თანამშრომელმა დაკავების შემდეგ განახორციელა, სადაც გერსამია მკვლელობას აღიარებს.
Ambebi.ge-მ ინტერვიუ ჩაწერა მოკლული ლუკა დარასელიას დედასთან, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ნაფიცი მსაჯულები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ხომ არ გაიხსენებთ თქვენი შვილის და თეკლა გერსამიას ურთიერთობას, ვიცით, რომ თქვენ ემიგრაციაში იყავით, მაგრამ გქონდათ კომუნიკაცია თქვენს შვილთან, იყო დაძაბული ურთიერთობები მათ შორის?
– სამწუხაროდ არანაირი ეჭვები ამ ქალზე არ მქონდა, ძალიან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთ სახლში ცხოვრობდნენ. თავიდან ყოველდღიური კონტაქტი მქონდა ჩემს შვილთან, თეკლასთანაც, ვიდეო ზარითაც სულ ვურეკავდი, სულ ერთად იყვნენ, უბრალოდ, ბოლო პერიოდი ჩემი შვილი რომ ძალიან შეიცვალა ამის გამო ვღელავდი. ჩხუბი არც მიფიქრია, უბრალოდ, ვერ ავხსენი რატომ შეიცვალა ჩემი შვილი. შენი შვილი ყოველდღიურად რომ გკითხულობს, გირეკავს და უცებ რომ მიატოვებს ამ ყურადღებას, ნებისმიერ დედას დაწყდება გული, გული დამწყდა მეც. თან თეკლა გერსამია მეუბნებოდა, რომ პირველ ქმარს გაშორებული იყო, ყოფილიაო ამბობდა, მაგრამ აღმოჩნდა მერე, რომ დაშორებული არ ყოფილა, გავიგე რომ მისი ქმარი ციხეში იყო.
ამის შემდეგ ვღელავდი რაღაცნაირად, მეშინოდა, რადგან ისინი ოფიციალურად დაშორებულები არ აღმოჩნდნენ, მეშინოდა ჩემი შვილისთვის რამე არ დაეშავებინა მის ვითომ ყოფილ ქმარს, ამის შიში ნამდვილად სულ მქონდა. ამაზე ვნერვიულობდი, თორემ ამათი ჩხუბი მე არ ვიცი, არ მინახია, არც ვიცოდი, მეგონა, ნორმალური ოჯახი, არ მიფიქრია, რომ მათ შორის რამე ხდებოდა, არ ვიცოდი, მაგრამ უცნაურად მეჩვენებოდა ისიც, რომ სულ ფულს გვთხოვდა. მუდმივად ფულს ითხოვდა, ბოლოს უკვე რაღაცნაირად ვხვდებოდი, რომ რაღაცას მატყუებდა და ვცდილობდი ყველაფერი გამერკვია ნორმალურად, ჩხუბის გარეშე, ემიგრაციაში ვიყავი. იქიდან ჩამოსვლასაც ვგეგმავდი, მაქსიმუმ 10 დღეში უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი ჩემი შვილის დაცვა.
სამწუხაროდ, შვილი მომიკლა და ამ დრომდე არ მაქვს პასუხი რა იყო ამის მიზეზი, იმედი მაქვს, სასამართლო პროცესების დასრულებამდე მივიღებ ამაზე პასუხს. საბოლოო შედეგს დაველოდები.
ჩემი ლუკა იყო ძალიან მიმნდობი, სიბოროტის ნატამალიც არ ჰქონდა. სულ მაგას ვეუბნებოდი, ლუკა, შენ ძალიან მიმნდობი ხარ, კეთილი ხარ, მაგრამ არ არის ასე, ცხოვრება სულ სხვანაირია და ყველას ბოლომდე მაინც არ ენდო-მეთქი. ძალიან მოსიყვარულე.
22 წლის იყო, ჯერ კიდეც ბავშვი, გაზრდილი არ იყო ბოლომდე ჩემი შვილი. ბოლო დროს მას შემდეგ, რაც ამ გოგოსთან ცხოვრობდა, ძალიან შეიცვალა. ერთი და ჰყავს და იმასაც არ ეკარებოდა. არადა, მანამდე სულ სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. ლუკა გახსნილი იყო ჩემთან კი არა, ოჯახის ყველა წევრთან, დასამალი არაფერი არ ჰქონდა, არაფერს არ აკეთებდა დასამალს.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამ თეკლას ხელში აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ სხვანაირი გახდა და ამაზე ვნერვიულობდი, ამას განვიცდიდი. სულ ვეუბნებოდი, ლუკა რატომ გახდი ასეთი-მეთქი, მაგრამ ამის პასუხი არ მქონდა და ჩამოსვლასაც ამიტომ ვაპირებდი, ვერ მოვასწარი.
ჩემი ქმარიც ემიგრაციაში იყო, ის ჩამოვიდა, ღელავდა ისიც, რადგან გვეშინოდა ამ გოგოს ყოფილი ქმრის. ლუკას რამე არ დამართოს-მეთქი, მაგ ბიჭზე ვფიქრობდი, თორემ ეს ქალი რომ შვილს მომიკლავდა რას ვიფიქრებდი…
– როგორც მკვლელობის დღეებში ითქვა, თქვენი მეუღლე რუსეთიდან სწორედ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ისინი დაეშორებინა ერთმანეთისთვის, რადგან არ გინდოდათ, რომ გათხოვილი, შვილიანი ქალი მოეყვანა თქვენს შვილს, ეს მართალია?
უბრალოდ, გარკვევა მინდოდა მისი და მისი ქმრის ურთიერთობის, იმის გარკვევაც მინდოდა, რომ ჩემი შვილი ასეთი ცივი რატომ გახდა, ასე უყურადღებო რატომ გახდა… მათი დაშორება არ მიფიქრია, რადგან ამბობდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ. უბრალოდ, ჩამოსვლა მინდოდა და ამ ყველაფრის გარკვევა, ჯერჯერობით ამას ვაპირებდი.
ლუკას მამა ჩამოვიდა, მეც ვგეგმავდი ჩამოსვლას, ჩემს ჩამოსვლას ელოდებოდა ჩემი მეუღლე და ორივეს, დედას და მამას გვინდოდა მისვლა და ლაპარაკი, გარკვევა, რატომ შეიცვალა ჩვენი შვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დაგცალდა. მანამდე მამამ ლუკა ნახა და თქვა, ჩვეულებრივად იყვნენო, როგორც ცოლ-ქმარს შეიძლება ჰქონდეს, ისეთი ურთიერთობა ჩანდაო. იქაც ნამყოფია თეკლას ბინაში, სადაც ცხოვრობდნენ ერთად მთელი ექვსი თვე…
სასამართლო პროცესზე ვუყურებ ჩემი შვილის მკვლელს და ვხედავ, ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა. დარწმუნებული ვარ, არ ნანობს, უფალმა განსაჯოს და უფლის ეშინოდეს, ყველაზე წინ უფალია, ლუკას ოჯახი რომ გაამწარა, უფლის უნდა ეშინოდეს“, – ამბობს ლუკა დარასელიას დედა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.
ცნობისათვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა. თეკლას გერსამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
