LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფთალმოლოგიურ პათოლოგიები და მათი მკურნალობის მეთოდები – ოფთალმოლოგი კონსტანტინე ჩიქოვანი გადაცემაში „პულსი“

67
კონსტანტინე-ჩიქოვანი

24 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგი ოფთალმოლოგი კონსტანტინე ჩიქოვანი სტუმრობდა, რომელმაც ოფთალმოლოგიურ პათოლოგიებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.

– ბატონო კონსტანტინე, 21-ე საუკუნეში მედიცინის სხვა დარგებთან ერთად ოფთალმოლოგიაც მნიშვნელოვნად განვითარდა. რამდენად შეიცვალა და დაიხვეწა ოფთალმოლოგიური პათოლოგიების დიაგნოზირების მეთოდები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით?

– თანამედროვე ტექნოლოგიებმა არა მხოლოდ მედიცინა, არამედ ზოგადად ცხოვრება შეცვალა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მედიცინაში სწორედ ოფთალმოლოგიაა ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დარგი, რადგან აღარ არსებობს კვლევის მეთოდი, რომელიც არ მიმართავს ციფრულ ტექნოლოგიებს. ადრე ყველა კვლევა ე.წ. კონტაქტური მეთოდით ტარდებოდა, რომლის სიზუსტე სერიოზულ ეჭვს იწვევდა, დღეს კი, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ნებისმიერი დაავადების დიაგნოსტირება შეგვიძლია ადრეულ ეტაპზე, რაც თავის მხრივ, პაციენტისთვის დიდი ხნის მანძილზე კარგი მხედველობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

– მართალია, მედიკოსებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდათ მუშაობა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად შეიცვალა პაციენტთა ქცევა, რამდენად პრეტენზიულები და მომთხოვნები გახდნენ ისინი?

– პაციენტების მოთხოვნები გაიზარდა და რადიკალურად შეიცვალა.  რა თქმა უნდა, ახალმა ტექნოლოგიებმა ბევრი სიკეთე მოგვიტანა, მაგრამ გარკვეულწილად საზიანოც აღმოჩნდა, რადგან უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, უმეტესობა კი, მცდარია. დღეს ყველა პაციენტი თვითონაა ექიმი, ამიტომ სპეციალისტთანაც საკუთარი ბაგაჟით – ინტერნეტში ამოკითხული ინფორმაციით მიდის და არ უნდა გაგება, რომ ხშირად მსგავს სტატიებზე არა პროფესიონალები, არამედ მარკეტოლოგები მუშაობენ. დღეს ყველას ეჩქარება და პაციენტებსაც სწრაფი შედეგის მიღება უნდათ, ამიტომ ძალიან გვიჭირს ავუხსნათ, რომ რეაბილიტაციას რამდენიმე თვე სჭირდება და შეუძლებელია ერთ დღეში სრულად გამოჯანმრთელება.

– რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა?

– თვალის ყველა დაავადება – სისხლძარღვოვანი და ნერვული უჯრედების დაავადებების ჩათვლით სტადიურობით ხასიათდება. რა თქმა უნდა, ადრეც ვიცოდით მათი სტადიებისა და განვითარების შესახებ, თუმცა დღეს ბევრად მეტი შესაძლებლობა გვაქვს სხვანაირად შევხედოთ უჯრედების ცვლილების დინამიკას და ყოველდღიურ რეჟიმში გავაუმჯობესოთ მკურნალობის მეთოდები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაავადებები, მათ შორის გლაუკომა, რომელიც ადრე განაჩენად ითვლებოდა პაციენტისთვის, რადგან სიბრმავესთან ასოცირდებოდა, დღეს აბსოლუტურად განკურნებადია, რადგან ადრეულ ეტაპზე შეიძლება მისი აღმოჩენა, დროული მკურნალობა და სიბრმავის თავიდან აცილება.

– რა სიახლის შეთავაზება შეუძლია ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგიურ განყოფილებას?  

– კლინიკის მხარდაჭერით ჩვენი ოფთალმოლოგიური სამსახური ყოველდღიურად ვითარდება, აქტიურად ვნერგავთ ციფრული დიაგნოსტიკის მეთოდებს. მართალია, წლების წინ ჩვენ მხოლოდ ვიზუალურად შეგვეძლო თვალის დათვალიერება და ვერ ვახერხებდით მის შრეობრივად გამოკვლევას, მაგრამ დღეს მინიმალური ცვლილების დაფიქსირებაც შეგვიძლია, რადგან უკვე ავამოქმედეთ თანამედროვე ციფრული ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფი, რომელიც თვალის უმცირესი სტრუქტურების კვლევის საშუალებას გვაძლევს, რათა სწორად დავგეგმოთ მკურნალობა. ტექნოლოგია შედარებით ახალია, რადგან მხოლოდ 20 წლის წინ გაჩნდა, თუმცა ჩვენს კლინიკაში უკვე შეიძლება მისი გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ტომოგრაფი ერთ წამში ახდენს თითოეული უჯრედის 130 ათასჯერ სკანირებას, რაც აბსოლუტურად განსხვავებული ხარისხის გამოსახულებას იძლევა.

– რამდენად ხშირია ე.წ. ხალხური მეთოდებით მკურნალობის შემთხვევები მეგობრების რჩევით?

– რა თქმა უნდა ძალიან ხშირია, თუმცა აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ხალხური მეთოდები და მათი არასწორი ინტერპრეტირება, რაც ინტენსიურად ვრცელდება საზოგადოებაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კატეგორიულად იკრძალება თვალში იმ წვეთების ჩაწვეთება, რომელიც არაა დანიშნული ექიმის მიერ და არაა დამზადებული თანამედროვე ფარმაკოლოგიურ ქარხანაში. მართალია, დღეს ძალიან პოპულარულია წყალში გახსნილი თაფლის და ჩაის ფერის მოხმარება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გამოყენება. ზოგადად, კატეგორიულად იკრძალება თვითმკურნალობა, მით უფრო ინტერნეტიდან ამოკითხული ინფორმაციით, რადგან ყველა პრეპარატს თავისი დანიშნულება აქვს. არ შეიძლება არც ანტიბიოტიკების შემცველი წვეთების გამოყენება, რომელთაც ხშირად იწვეთებენ თვალის უმნიშვნელო სიწითლისა და ქავილის დროს, რადგან შესაძლოა იმ წუთას არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად ექნება სავალალო შედეგი. სამწუხაროდ, დღეს პაციენტებს ნაკლებად აქვთ ექიმების ნდობა და სწორედ ამიტომ ეძებენ ინფორმაციას ინტერნეტისა და სხვა წყაროების მეშვეობით. ვფიქრობ, ამგვარი თვითმკურნალობის მეთოდებს ჩვენ ცოდნა, მუდმივი განვითარება და ახლის ძიება უნდა დავუპირისპიროთ, რადგან სხვანაირად შეუძლებელია პრობლემის აღმოფხვრა. ექიმი ვალდებულია აუხსნას პაციენტს რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, სპეციალისტის კონსულტაცია და პრეპარატების მხოლოდ მისი დანიშნულებით მიღება.

– რა უპირატესობით სარგებლობს ლინზა, რომელიც თქვენს კლინიკაში გამოიყენება ქირურგიული ჩარევის დროს?

– ჩვენი კლინიკა ყოველთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს, ამიტომ იმპლანტებიც უმაღლესი ხარისხის გვაქვს. დღეს ჩვენი კლინიკა სტანდარტულ ლინზებთან ერთად გაუმჯობესებული ფილტრის უმაღლესის კლასის ლინზებს სთავაზობს პაციენტებს, რომელთა მიღება აბსოლუტურად უფასოდ შეიძლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები