“საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საზოგადოების წინაშე დასმული ნებისმიერი შეკითხვა გამოძიების მხრიდან უნდა იყოს პასუხგაცემული. ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზის მიერ. თვალს ვადევნებთ, რომ ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის მხრიდან, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, ადგილი აქვს მუქარას სახელმწიფოს, ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, გასარკვევია, ადრეც ხომ არ იყო მსგავსი მუქარა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ. ის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ფორმის რაიმე ტიპის შანტაჟი, დასტურდება იმით, რომ ეს კონკრეტული პირი პასუხისგებაშია მიცემული. სამართალი აღსრულდება ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
„მათი ეს რევანშისტული წყურვილი – რაიმე ფორმით და ყველაფრის ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათი ეს ოცნება – დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ასრულდება. მათი განწყობა და მოტივაცია არის რევანში, საზოგადოების დაშინება და ტერორი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას „ნაციონალურ მოძრაობას“, კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე და კიდევ ერთხელ იმ დანაშაულებრივი სისტემით მიეცეს საშუალება, მართოს ქვეყანა. კიდევ ერთხელ წერტილდასმული იქნება ყველაფერი 28 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვებს და გახდება საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსთავი 2-მა, სავარაუდოდ, სუბელიანი-ჯაფარიძის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის თანახმად, სუბელიანი ამბობს, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სუბელიანი საკანაში შესულ “ქართული ოცნების” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს , აგრეთვე დევნილთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება და ამბობს, რომ საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში, წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან რამდენი ხანი უნდა დარჩეს იგი პატიმრობაში და მას ასევ უთხრეს,რომ ციხეში სახელმწიფოს გადასარცენად უნდა ჩამჯდარიყო.
ჩანაწერში სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს , რომ მისდამი მმართველი გუდნის დამოკიდებულებით და ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.