LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება

108

 30 მაისს, 12:00 საათზე ოპერის თეატრში, თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის “OPERA CROWN” დაფუძნებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე,  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს, თბილისის მერიის წარმომადგენლები, კონკურსის სპონსორები და მხარდამჭერები.

კონკურსი  „Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.

კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  ქ. თბილისის მერია, აშშ-ს საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო ,,ამბასადორი“, ,,ჯორჯიან ეარვეისი“. კონკურსის საინფორმაცია მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია „იმედი“.

პრესკონფერენციის შემდეგ 13:00 საათზე გაიმართება კენჭისყრა. კონკურსანტები პირველი და მეორე ტურებისთვის მოემზადებიან, რომელიც 1, 2, და 3 მაისს ჩატარდება. დასკვნითი III ტური, ლაურეატების დაჯილდოვება და კონკურსის საზეიმო დახურვა  5 მაისს გაიმართება.

კონკურსში  50 ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობს მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. შესარჩევ ეტაპზე კი 300-მდე განაცხადი შემოვიდა.

კონკურსანტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან საოპერო ვარსკვლავები, მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, პიტერ მარიო კატონა (ლონდონის „კოვენტ გარდენი“), ჯონათან ფრენდი (ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“), ილიას ცემპეტონიდისი (პარიზის ,,ნაციონალური ოპერა“), კრისტინა შეპელმანი (ბარსელონას „ლისეუს თეატრი“), ფრანჩესკო ანდოლფი (ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრი“), ოლგა როსტროპოვიჩი (გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდი), სებასტიან შვარცი (გლინდებურნის ფესტივალი), ალესანდრო არიოზი (Ariosi Management) და ფაბიანა დალპიაზი (Askonas Holt). ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g